მთავარისაქართველომოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ მზადაა, „უშუამდგომლოს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს კონფლიქტის მოგვარებაში“

მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ მზადაა, „უშუამდგომლოს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს კონფლიქტის მოგვარებაში“

კრემლი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გზავნილებს ე.წ. „ურთიერთპატიებისა და შერიგების“ შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი მზად არის თბილისს დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან დიალოგში დაეხმაროს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ განცხადებები იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გააჩაღა, იმედისმომცემია.

„აფხაზ და ოს მოკავშირეებთან ერთად  ჩვენი პრიორიტეტები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიული დოკუმენტის გაფორმებისა და რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ უცვლელი რჩება. სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული საომარი მოქმედებების გამო, აფხაზი და ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები იმედს გვაძლევს. როგორც იქნა, ჩვენ ვისმენთ დიდი ხნის წინ დადასტურებული ფაქტების საჯარო აღიარებას. ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანი ამერიკის მორიგი პროვოკაციების მსხვერპლი გახდა, რაც მოგვიანებით ისტორიაში აგრესიის სახით შევიდა. რუსეთი როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე და უახლოესი მეგობარი აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის, განსაკუთრებით დაინტერესებულია აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. მოსკოვი მზადაა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში გაუწიოს პროცესს დახმარება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend