მთავარიგადაცემებიExploreიზმირი - ისტორიის, გურმანებისა და ველომოყვარულთა სამოთხე

იზმირი – ისტორიის, გურმანებისა და ველომოყვარულთა სამოთხე

იზმირი   ყველაზე მიმზიდველი ადგილია ველომოყვარულთათვის თურქეთში, რადგან სწორედ ამ ქალაქზე გადის ველობილიკის მარშრუტი  EuroVelo 8, რომელიც ხმელთაშუა ზღვის 10 ქვეყანას კვეთს. ამ მარშრუტზე ველომოყვარულებს ისტორიული ძეგლების მონახულება და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვაც შეუძლიათ.

ქალაქი იზმირი, რომელსაც ანტიკურ ხანაში სმირნა  ერქვა, საუკეთესო ადგილია თურქეთში ველოსიპედით სეირნობისთვის. ამ ქალაქზე გადის 7350 კილომეტრზე გადაჭიმული ველობილიკი EuroVelo 8, რომელიც ხმელთაშუა ზღვის 10 ქვეყანას მოიცავს.  „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ჩინცია რიცი იზმირში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა  EuroVelo 8-ის თურქეთის მონაკვეთი.

იზმირის  495-კილომეტრიანი მონაკვეთი პერგამონში იწყება, 18 რაიონს მოიცავს და ეფესოში სრულდება. ამ გზაზე მდებარეობს ისტორიული, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

„იზმირი პირველი თურქული ქალაქია, რომელიც ევროველოს მარშრუტშია ჩართული, ამიტომ სულ უფრო მეტი ველომოყვარული ტურისტი ჩამოდის აქ,“ – ამბობს  იაგიზ დაჰან დერინსუ, იზმირის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი. „ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხმელთაშუა ზღვის ველობილიკის  იზმირის მონაკვეთი  ძირითადად   ისტორიითა და პეიზაჟებით მდიდარ ადგილებზე გადის. ამ გზას დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ საზოგადოებაზე, მნიშვნელოვანია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ორი ძეგლისთვისაც –  ეფესოსა  და პერგამონისთვის“.

ამ გზაზე აუცილებლად უნდა შეიაროთ პატარა ზღვისპირა ქალაქ ჩეშმეში, რომელიც ისტორიული შენობებით, მდიდარი მცენარეული საფარითა და ულამაზესი პლაჟებით გამოირჩევა.

წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ გზაზე ფლამინგოების ეროვნული პარკი, რომელიც იზმირის ყურეში მდებარეობს და რომელშიც სულ ადვილად შეამჩნევთ ულამაზეს ვარდისფერ ფრინველებს. ველოტური კი აუცილებლად ყველასათვის საყვარელ საათის კოშკთან უნდა დაასრულოთ, რათა მოგონებების ნაწილი თან გაგყვეთ.

ეფესო იზმირიდან დაახლოებით 80 კილომეტრით მოშორებით მდებარეობს. იგი ქალაქად ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში ითვლებოდა, მაგრამ სახელი რომაელების იმპერიის დროს გაითქვა, როგორც მცირე აზიის დედაქალაქმა, რომელიც მნიშვნელობით მხოლოდ რომს ჩამოუვარდებოდა.

ეფესო, რომელიც 2015 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ნამდვილად უნიკალური ადგილია.

„ამ ადგილის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ იგი თავიდან ბოლომდე დედა ბუნებამ შემოგვინახა,“ –  განმარტავს თოლგა მერტი, ისტორიკოსი. „მას შემდეგ, რაც ქალაქი მიატოვეს, იგი მიწამ დაფარა და  ხელუხლებლად შეინახა. როდესაც ამ ადგილებს ესტუმრები, ნახავ სამგანზომილებიან ნაგებობებს, რომლებიც შემორჩა და რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ  ღია მუზეუმს ქმნიან“.

ეფესოში ბევრი რამ არის სანახავი. მაგალითად, საოცარი ცელსუსის ბიბლიოთეკა, რომელიც სიდიდით მესამე იყო ბერძნულ-რომაულ სამყაროში. ამ ბიბლიოთეკაში იმ პერიოდის დაახლოებით 12 -14 ათასი გრაგნილი და პაპირუსის ეტრატი იყო დაცული.  მისი ფასადი ულამაზესი ქანდაკებებით არის დამშვენებული, რომლებიც ადამიანის ოთხ  ღირსებას განასახიერებენ: სიბრძნეს, სიმამაცეს, ცოდნასა და ფიქრს. ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ქრისტიანული ხანის თვალსაზრისითაც: ამბობენ, რომ სწორედ აქ  –  ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკაში პოვა საბოლოო განსასვენებელი წმინდა ქალწულმა მარიამმა.

ვერც არტემისის ცნობილი ტაძრის ნანგრევებს აუვლი გვერდს, რომელიც ერთ-ერთია ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან და რომელიც ევროპაში მარმარილოთი შენების ტენდენციის სათავედ ითვლება.

დროა, იზმირში დავბრუნდეთ, რომელიც თავისი სამზარეულოთიც ცნობილია. იზმირის ბოიოზი, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც ადგილობრივი გეოგრაფიული დასახელების პროდუქტი, მრგვალი ფენოვანი ფუნთუშაა. იგი ცომის თხელი ფენებისგან შედგება და მის მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო: ფქვილი, წყალი და მარილი.

ბოიოზი იზმირის სინონიმად იქცა და ხალხს ძალიან უყვარს მისი მირთმევა საუზმეზე, ყოველ დილით რიგი დგას“, – ამბობს ოზერ ერგინი, საცხობის პატრონი.

ჩვეულებრივი ბოიოზის გარდა, შეგიძლიათ, გასინჯოთ ბოიოზი ბადრიჯნის, ყველის, ფხალეულის, შოკოლადისა და ტაჰინის გულსართით.

თურქეთის კიდევ მრავალ ქალაქში გასინჯავ ბოიოზს, გაისეირნებ ველოსიპედით და დატკბები ისტორიული ძეგლებით. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ჩაატან ისეთივე გემოს, როგორსაც იზმირში.

ავტორი: ჩინცია რიცი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend