ბუდაპეშტში პოლიციის მიერ ორგანიზებულ „კიბერფესტის“ ღონისძიებაზე ასობით მოზარდს ასწავლეს, როგორ დაიცვან თავი ონლაინთაღლითობისგან. საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა ახალგაზრდებს გააცნეს ის საფრთხეები, რომლებიც ჰაკერებისა და ზოგიერთი ე.წ. ინფლუენსერისგან ემუქრებათ.
ბუდაპეშტის პოლიციის უფროსის ტამაშ ტერდიკის თქმით, 23 სკოლის 34 კლასიდან თითქმის 1000 მოსწავლეს მიეცა საშუალება, ჩართულიყო პროგრამაში. მათი მიზანია, ბავშვებს შესთავაზონ ექსპერიმენტული პროგრამები. პროცესი ძალიან მარტივია და სახლში ისინი უკვე ცოდნით ბრუნდებიან.
ეროვნული კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტის ტერიტორიაზე შეკრებილებს აუხსნეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშირდნენ საჯარო ინტერნეტს, რადგან ამ დროს, ადვილია პირადი მონაცემების მოპოვება იმ მოწყობილობის საშუალებით, რომლის ყიდვაც ნებისმიერს შეუძლია.
კიბერთავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დეპარტამენტის უფროსი ტამაშ ლაზლო კისი ამბობს, რომ არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად შექმნან მატყუარა ქსელები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ყველა იმ ინფორმაციის მოპოვება და მონიტორინგი, რომლებიც მათშია განთავსებული. ამიტომ იგი აფრთხილებს ყველას, ასეთ უფასო ქსელს არ დაუკავშირდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს ძირითადად სათამაშო ხასიათი აქვს, კიბერდანაშაულის საფრთხე რეალურია. კიბერშეტევის სამიზნე მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან.
უნგრეთის ეროვნული ბანკის სტატისტიკით, თაღლითებმა და ჰაკერებმა უნგრელ ხალხს ინტერნეტის საშუალებით გასულ წელს 9 მილიარდი უნგრული ფორინტი მოჰპარეს, 2022 წელს კი 23 მილიარდი. ეს იმის მანიშნებელია, რომ თითოეული ადამიანია საფრთხის წინაშე. ამიტომ საჭიროა, ყველამ ისწავლოს, როგორ დაიცვას თავი ონლაინთაღლითებისგან.