აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებისა და მართლწესრიგის დამყარების“ მიზეზით გაწვეულ ე.წ. „აპარტამენტების კანონს“ სოხუმისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. დროებით ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოჰყვა, თუმცა დე-ფაქტო „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას, ახლა არა მოსახლეობის სოციალური პრობლემებით გამოწვეული უკმაყოფილების, არამედ ახალ სადავო კანონთან დაკავშირებული საპროტესტო გზავნილების მოსმენა მოუწევს. კრემლის ახალი განკარგულებით, სოხუმის დე-ფაქტო „სასამართლო ხელისუფლებაზე“ მოსკოვის კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს თბილისში პანელური დისკუსიებით ეხმაურებიან. ანექსირებული რეგიონის დეიზოლაციის გზების ძიება კონფლიქტოლოგებმა, ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს. მათი შეფასებით, უკანონოდ დაკავებულ ქართულ მიწებზე მოსკოვი ყველანაირი ბერკეტით განაგრძობს გავლენის განმტკიცებას, მათ შორის ე.წ „საკანონმდებლო პაკეტების“ შემუშავებით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დეოკუპაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა, ხელისუფლების დაინტერესების შემთხვევაში, ერთობლივი კოორდინაციითაა შესაძლებელი.
„რუსეთი ყველანაირად ცდილობს, გააძლიეროს ანექსირებული პროცესები. ის ზეწოლა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აფხაზეთში, ახალ ფაზაშია გადასული. ის, მათ შორის, იყენებს შანტაჟს, ბლოკირებას, ფინანსური თუ ენერგეტიკული სექტორის იმისთვის, რომ აფხაზეთმა სრულად გაითვალისწინოს რუსული ინტერესები და მიიღოს ის ე.წ. „საკანონმდებლო აქტები“, რაც კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის კრემლის ყოფნას აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – ამბობს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
„ვფიქრობ, ჩვენ უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ სამომავლოდ აფხაზებისთვის გარკვეული სახელმწიფოებრივი გარანტიების შესადგენად, რადგან აფხაზებიც ძალიან კარგად ხედავენ, რომ რუსები მათი იდენტობის წაშლას ცდილობენ. სოხუმს ამის მშვენიერი მაგალითი აქვთ ყველაზე ახლო მონათესავე ერის, ჩერქეზების სახით. შესაბამისად, შიში აფხაზეთში რუსების მიმართ არის და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა კონფლიქტოლოგმა ზურაბ ბენდიანიშვილმა.
ექსპერტთა და კონფლიქტოლოგთა დისკუსიების პარალელურად მოსკოვი პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დე-ფაქტო „რესპუბლიკების“ ე.წ. „საგარეო უწყების“ წარმომადგენლებს შეხვდა და ხაზი გაუსვა 2008 წლის გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, გადახედვას არ ექვემდებარება. სეპარატისტული „მმართველობის“ წარმომადგენლები თბილისს ისევ მთავარ საფრთხედ აღიქვამენ, ე.წ. „მეორე ფრონტზე“ საუბრობენ, ხოლო ზეწოლაში დასავლეთსა და უკრაინას ადანაშაულებენ.
„ვიცით, დასავლური სახელმწიფოებისა და უკრაინის ზეწოლა საქართველოზე. ქართველი პოლიტიკური ლიდერები ამაზე ღიად საუბრობენ. მათ უბიძგებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. უკრაინაში, რუსეთსა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების ცენტრშია. როგორც თქვით, ბევრი ჩვენი ჯარისკაცი მონაწილეობს ამ ოპერაციაში. სამწუხაროდ, სერიოზული დანაკარგები არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უშუალო სამხედრო მოქმედებების ზონაში არიან“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გამტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება. მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა შევხედავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
სერგეი ლავროვის წინა განცხადებებისგან განსხვავებით, მის ამ სიტყვებს თბილისში ოფიციალური პირების გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია არც ხელისუფლებიდან, არც ოპოზიციიდან. მოსკოვიდან პოზიტიურად შეფასებულ ე.წ. „სამშვიდობო პოლიტიკას“ არ ეთანხმებიან ექსპერტები და ომის შემსწავლელი სპეციალისტები. მათი თქმით, ერთადერთი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავება და გონივრული დიპლომატიური პოლიტიკის გატარებაა.
„კონფლიქტის დარეგულირებაში ბოდიში არის ბოლო ეტაპი, ანუ შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ ყველაზე ბოლოს. ეს კი მაშინ, როდესაც მანამდე უკვე ყველაფერია გაკეთებული. დღევანდელი ეს განაცხადი, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტად დამაზიანებელი პროცესისთვის, რადგან რუსეთი არ ჩანს როგორც მხარე, როგორც აგრესორი. ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება ვერ ხედავს რუსეთს ამ პროცესებში. პირიქით, ის დაიმედებულია და ქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთთან ერთად შესაძლებელია რაიმე პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.
„ჩვენ გვაქვს „ასოცირების შეთანხმება“ ევროკავშირთან, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს. მასში მთელი თავი ეძღვნება კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობას. მთავარ პრობლემას მე გამოვყოფ იმას, რომ ეს სამშვიდობო პროცესიც კი ვერ იქნება ეფექტური, თუ დასავლურ გზას დავშორდით, რადგან, მაგალითად, საქართველოსთვის ევროკავშირი არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი“, – ამბობს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი.
საქართველოს საგარეო ვითარებას ექსპერტები ახლა „გზაგასაყარზე დგომას“ ადარებენ, ქვეყანა ახლა საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. კენჭისყრის დღეს, როგორც სამთავრობო გუნდი, ისე მისი პოლიტიკური ოპონენტები სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტად აფასებენ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. „ურთიერთპატიებასა და შერიგებასთან“ დაკავშირებით კი „ქართული ოცნების“ განცხადებები საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად ძირითადად მხოლოდ მოსკოვისთვის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული მმართველობებისთვის აღმოჩნდა.