„ადგილობრივი დღის წესრიგი მომავალი არჩევნებისთვის: პოლიტიკური პარტიების რეაგირება“ – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა” და „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით.
დიალოგი ძირითადად წინასაარჩევნო პოლიტიკის, კოალიციების ჩამოყალიბებისა და ამომრჩევლის მიერ იდენტიფიცირებული ადგილობრივი დღის წესრიგის მიმართ პარტიების საპასუხო პოლიტიკის საკითხებზე იყო ფოკუსირებული.
ორგანიზატორების შეფასებით, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში პოლიტიკური დებატების დიდი ნაწილი საგარეო კურსისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებმა დაიკავეს, რამაც, მათი თქმით, შედარებით უკან დახია მოსახლეობისთვის სხვა მნიშვნელოვანი, შიდაპოლიტიკური პროცესები, ხოლო კონფერენციის მიზანი სწორედ ამ თემების დღის წესრიგში დაბრუნებაა.
„ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის წინასაარჩევნო დებატების ხელშეწყობაა. ცნობილია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70% ცხოვრობს და იქ არის იურიდიულად ჩაწერილი. თუმცა, თუ დავაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, პოლიტიკური სუბიექტების დაპირებებს, დავინახავთ, რომ კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქის ინტერესები პარტიების მიერ არაა გათვალისწინებული. სწორედ ამ თემაზე ყურადღების გამახვილებაა ჩვენი მიზანი“, – თქვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.
„დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვისაუბროთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა ახლა გზაჯვარედინზეა. ერთ მხარეს ევროკავშირში გაწევრების პროცესია, ხოლო მეორე მხარეს – სხვა გზა. ჩვენ გვსურს, მოვისმინოთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან, როგორია მათი პერსპექტივა და პრიორიტეტები, განსაკუთრებით რეგიონულ ჭრილში“, – განაცხადა „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ მენეჯერმა ლორა ვორშმა.
თბილისში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების ლიდერები. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მათი შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი თარიღია, როდესაც მოქალაქეებს პრინციპული არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„კონფერენცია ეძღვნება არა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რადგან, როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკური პარტიები უფრო მასშტაბური, გეოპოლიტიკური თემებით არიან დაკავებულნი. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკა არის ადგილობრივი. კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს – იქნება ეს სიღარიბე, სოციალური პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა, მათ შორის, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა, ინფლაცია, ემიგრაცია“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული იყო მორიგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა ძირითადად საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და იმას, თუ რა საკითხებს შევეხებით ჩვენ ამომრჩეველთან. ასევე, რა არის ის თემები, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში ყველაზე ინტენსიურად ჟღერს და ამ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი დისკუსია. ღონისძიებაზე საინტერესო შეკითხვები დაისვა და მოვისმინეთ კონკრეტული პოზიციები, როგორ შეგვიძლია ერთობლივად პრორუსული ხელისუფლების შეცვლა პროდასავლური, ევროპული ტიპის კოალიციით“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ.
კონფერენცია პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართა და მან 50-მდე მონაწილე ერთ სივრცეში გააერთიანა. ღონისძიებაზე განხილული იყო დეზინფორმაციის საკითხი და მისი გავლენა საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიულ დისკურსზე. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს, როგორ გეგმავენ პოლიტიკური პარტიები საინფორმაციო ომთან ბრძოლასა და საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლისთვის ზუსტი და სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფას.