მთავარიგადაცემებიWater Mattersალგარვის ბრძოლა წყლისთვის - ფერმერები ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების ახალ გზებს პოულობენ

ალგარვის ბრძოლა წყლისთვის – ფერმერები ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების ახალ გზებს პოულობენ

ალგარვიშიპორტუგალიის სამხრეთ რეგიონში, რომელსაც გვალვა სისტემატურად აზიანებს, წყალი კი აგრარულ და ტურიზმის სექტორებს ძალიან სჭირდება,  ფერმერები წყლის რაციონალურად გამოყენების მაგალითს იძლევიან.

წყალი დიდი იშვიათობაა ალგარვიში, სამხრეთ პორტუგალიის ტურისტულ სამოთხეში. ბოლო წლებში აქ იმდენად მცირე ნალექი მოვიდა, რომ ათასობით ჰექტარი პლანტაცია საფრთხის წინაშე დადგა. მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ წყალი ტურისტებსაც ეყოთ და ფერმერებსაც? ამისთვის წყლის მოხმარების ჩვევა ცოტათი უნდა შევცვალოთ.

ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ალბუფეირის თავზე გაშენებულია Quinta do Canhoto-ის ვენახი, რომელიც ღვინის ტურებსა და ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს ტურისტებს. მართალია, იქ მისულ ტურისტებს სახეზე ღიმილი დასთამაშებთ, მაგრამ ამ რეგიონის რეალობა საკმაოდ პირქუშია.

„ხალხი ხშირად ამბობს, რომ მომავალში წყლის დეფიციტი იქნება,“- ამბობს  ენოლოგი ჟორჟ პასკოა. “არადა, ის უკვე სახეზეა, ჩვენ უკვე აღარ გვყოფნის წყალი. ჩვენ უკვე გვიწევს ცხოვრება შეზღუდვების პირობებში“.

Quinta do Canhoto-ის ვენახი ტექნოლოგიის იმედადაა. მიწისქვეშა სარწყავი სისტემა ამცირებს წყლის მოხმარებას აორთქლების შემცირების ხარჯზე. ერთმანეთთან დაკავშირებული სენსორები ნიადაგის ტენიანობას უწყვეტად ზომავენ, რათა წყალი მაშინ მიაწოდონ, როცა მართლა საჭიროა.

„ახლა შეგვიძლია მორწყვის დაყოვნება ორი-სამი დღით,“ – განმარტავს ჟორჟ პასკო. „ვენახის მოვლის სრული ციკლის განმავლობაში უამრავი წყლის დაზოგვა შეგვიძლია ისე, რომ ვენახი უკეთ იყოს მორწყული და ღვინოც ბევრად უკეთესი დადგეს“.

ამ მეღვინეებს პორტუგალიის ასოციაცია Smart Farm CoLab-ი ეხმარება, რომლის მიზანიც ტექნოლოგიის მეტი დემოკრატიზაცია და  სოფლად ფერმერებამდე მიტანაა.

‘ჩვენ უნდა ავამაღლოთ ცნობიერება, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი,“ – ასე ფიქრობს კატია პინტო, Smart Farm CoLab-ის აღმასრულებელი დირექტორი. „თუკი მეტ ყურადღებას მივაქცევთ ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ნიადაგის დაცვას, უფრო გონივრული და განვითარებული სოფლის მეურნეობა გვექნება“.

სანაპიროდან შორს მდებარე ფერმა  Quinta do Freixo 800 ჰექტარზეა გაშენებული და მხოლოდ ორგანულ პროდუქტს აწარმოებს. გვალვის თავიდან ასაცილებლად ფერმის მფლობელი ლუის სილვა რეგენერაციულ სოფლის მეურნეობას მისდევს და საკუთარი შინაური ცხოველების დახმარებით ინარჩუნებს  ნიადაგის სინოტივეს.

„გავრცელებული მოსაზრებით, ცხვარი რომ გადარჩეს, საძოვარია აუცილებელი,“ – ამბობს ლუის სილვა.  „თუმცა საძოვარიც ვერ ხარობს ცხვრის გარეშე, რადგან ორივე ერთმანეთზეა დამოკიდებული.  ნიადაგისთვის მიცემული ორგანული სასუქის ყოველი პროცენტი მნიშვნელოვნად ეხმარება ნიადაგს, რომ რამდენიმე კუბური მეტრით მეტი წყალი შეინარჩუნოს“.

ამ ფერმაში, რომელიც დივერსიფიკაციაზეა ორიენტირებული, ინვესტიციის ჩადება მარცვლეული კულტურის ნაცვლად ეკოტურიზმში ამჯობინეს.

„ჩვენ ტურიზმში შესვლა ავირჩიეთ და საკუთარი თავის ყველაზე მსხვილ კლიენტად ვიქეცით. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგი მოგების მარჟა გვქონდეს. შედეგად, ჩვენი ბიზნესი უფრო სიცოცხლისუნარიანია, გარემო კი  უკეთ არის დაცული და მოვლილი“, – განმარტავს ლუის სილვა.

თხრობა კაცი

არაფერი შეედრება ალგარვის ლეღვს, თუ ძალების აღდგენა გსურს. მომავალ შეხვედრამდე!

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend