მთავარიაზიალიბანილიბანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სირიაში 100 000 იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სირიაში 100 000 იძულებით გადაადგილებული პირი გადავიდა

გაეროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანში შეტევა დაიწყო,  დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა გადაკვეთა სირიის საზღვარი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) და პარტნიორი ორგანიზაციები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე იძულებით გადაადგილებულ პირებს  საკვებს, წყალს, საბნებს, სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ და თავშესაფრის მოძიებაში ეხმარებიან.

სააგენტომ ლიბანსა და სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის  შესამსუბუქებლად თანხის შეგროვება დაიწყო.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო ქვეყანაში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მისი თქმით, ეს  ქვეყნის ისტორიაში  ლტოლვილთა ყველაზე დიდი ტალღაა.

ბევრი გადავიდა  ომით განადგურებულ სირიაში, სადაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა 2023 წლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად.

დაახლოებით 5000-მა ლტოლვილმა სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში თავშესაფარი მოითხოვა.

ორშაბათს ისრაელის სამხედროებმა ისრაელის საზღვართან ახლოს სამხრეთ ლიბანში მცხოვრებლები გააფრთხილა, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, რადგან მან, როგორც თავად ამბობენ,  “შეზღუდული” სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში თავდასხმები გაძლიერა,   1000-ზე მეტი ლიბანელი დაიღუპა, 6000 კი დაიჭრა.

რამდენიმე ქვეყანას უკვე გაჰყავს  თავისი მოქალაქეების ლიბანიდან.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტარ გლავჩევმა განაცხადა, რომ ორშაბათს პირველი რეისით ლიბანიდან 89 ადამიანი გამოიყვანეს.

თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან ბულგარელი მოქალაქეები. ბოლო ინფორმაციით, ლიბანში მყოფი ბულგარეთის 400 მოქალაქიდან, რომლებმაც ევაკუაციის სურვილი გამოთქვეს, ჯერჯერობით ქვეყანა მხოლოდ 160-მა დატოვა.

ბულგარეთი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათის რეისზე ცარიელი ადგილები დარჩება, თვითმფრინავის შევსება ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა  ლიბანში მყოფ ესპანეთის დაახლოებით 1000 მოქალაქეს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

ალბარესმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შედგება კომერციული ფრენები.  საჭიროების შემთხვევაში ის კავშირზე იქნება ესპანეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ბრიტანეთის მთავრობის  ჩარტერული რეისი ბეირუთიდან ოთხშაბათს  შედგება, რათა  გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები  ლიბანიდან გაიყვანოს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისით გამოფრენა შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, მათ მეუღლეებს ან პარტნიორებს და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.  პრიორიტეტი მიენიჭებათ  ყველაზე დაუცველებს.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ბრიტანელებს მოუწოდა, ქვეყანა კომერციული ფრენების საშუალებით დაეტოვებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend