მთავარიევროპარუსეთიმოსკოვში ოთხ ჟურნალისტს ასამართლებენ

მოსკოვში ოთხ ჟურნალისტს ასამართლებენ

მოსკოვში ოთხ რუს ჟურნალისტს ასამართლებენ. მათ ბრალად ედებათ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის მუშაობა.

იქამდე რუსეთის ხელისუფლებამ ყველა ასეთი ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა.

ანტონინა ფავორსკაიაარტიომ კრიგერი, სერგეი კარელინი და კონსტანტინ გაბოვი ბრალდებებს უარყოფენ და არ აღიარებენ.

ფავორსკაია და კრიგერი მუშაობდნენ SotaVision-ში, რუსულ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესებს აშუქებს.

გაბოვი ფრილანსერი პროდიუსერია, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციისთვის მუშაობდა, მათ შორის – REUTER-სთვის.

კარელინი ფრილანსერი ჟურნალისტია და ის დასავლურ მედიას მასალებს ხშირად აწვდიდა და თანამშრომლობდა ისეთ მედიებთან, როგორიცაა – The Associated Press.

სასამართლო პროცესის დაწყებისას ჟურნალისტებს დარბაზში მხარდამჭერები ტაშით შეეგებნენ.

არტიომ კრიგერმა და ფავორსკაიამ სასამართლო დარბაზიდან სხვა ჟურნალისტებს სიტყვითაც მიმართეს.

„მთელი სამართლებრივი ჩარჩო ისეა აგებული, რომ ჩვენ ექსტრემისტებად მიგვიჩნიონ. სასამართლოს დაწყებამდე, გამოძიების პროცესში ჩვენ მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტების სიაში შეგვიყვანა. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება გადანაწილებულია და მსგავსი შემთხვევა მოხდება, სასამართლო პროცესი ვერ დაიწყება, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ჩვენ უკვე ექსტრემისტებად და ტერორისტებად შეგვრაცხეს“, – ამბობს არტიომ კრიგერი.

„ნელსონ მანდელამ ციხეში 27 წელი გაატარა. ის გაათავისუფლეს და შემდეგ პრეზიდენტი გახდა, ამრიგად, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. გთხოვთ, არასდროს დაივიწყოთ ეს, ისტორია მეორდება და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ის სიბნელე, რომელიც ჩვენ ირგვლივ არის, არაა მუდმივი და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ ისეთ ქვეყანას, როგორზეც ალექსეი ოცნებობდა. ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც იქნება თავისუფლება, სადაც მთავრობის დავალებით ჟურნალისტებსა და ადამიანებს არ დაიჭერენ მათი აზრის გამო ან იმის გამო, რომ ომი არ სურთ“, – ამბობს ანტონინა ფავორსკაია.

ბრალდებული ჟურნალისტები თავიანთ კოლეგებს ურჩევენ, რომ გაუფრთხილდნენ თავს და რუსეთის ტერიტორია დატოვონ.

ასეთი განცხადებების გამო, ბრალდების მხარემ მოსამართლეს მიმართა, პროცესი მედიისთვის დახურულიყო.

დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟურნალისტებს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend