მთავარიაზიაისრაელიროგორ უპასუხებს ისრაელი ირანის სარაკეტო იერიშს

როგორ უპასუხებს ისრაელი ირანის სარაკეტო იერიშს

„როგორი იქნება ისრაელის რეაქცია თეირანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ პასუხი აუცილებლად იქნება”, – ამბობენ ისრაელში. ირანმა რამდენიმეკვირიანი მუქარა აასრულა და 2 ოქტომბრის ღამეს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელზე. იერიშის სიძლიერეზე ბალისტიკური რაკეტების სიმრავლეც მეტყველებს.

მალევე ირანის ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ამ ოპერაციას დანაპირების აღსრულება უწოდა. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა ისრაელი გააფრთხილა, საპასუხო ქმედებებისგან თავი შეიკავოს. იმავეს მოუწოდებს ისრაელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პლატფორმა „იქსზე”.

„ჩვენ ვიმოქმედეთ გაეროს წესდების  51-ე მუხლის შესაბამისად.  ჩვენი სამიზნე იყო სამხედრო და უსაფრთხოების ის ობიექტები, რომლებიც ღაზასა და ლიბანში გენოციდზე არიან პასუხისმგებელნი. ჩვენ ეს განვახორციელეთ მას შემდეგ, რაც თითქმის ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი თავშეკავებით ვმოქმედებდით, რომ ღაზაში ცეცხლი შეწყვეტილიყო. ჩვენი მისია დასრულებულია, თუკი ისრაელის რეჟიმი შურისძიებას არ გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბაღდადსა და ღაზის სექტორში ისრაელის მოწინააღმდეგეები მთელი ღამე ზეიმობდნენ და კმაყოფილებას გამოხატავდნენ  ირანის იერიშების გამო. ირანი მოუწოდებს ისრაელს, არ  გასცეს პასუხი თეირანს… თუმცა, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება. იგივე გაიმეორეს ისრაელის თავდაცვის ძალებშიც.

„ჩვენი თავდაცვისა და შეტევითი შესაძლებლობები მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა.  მზადაა ჩვენი ოპერატიული გეგმებიც. ჩვენ ვუპასუხებთ, სადაც გვინდა, როცა გვინდა და როგორც გვინდა, რა თქმა უნდა, ისრაელის მთავრობასთან შეთანხმებით.  ირანი 7 ოქტომბრის შემდეგ გვებრძვის.  ის და მის მიერ მხარდაჭერილი ძალები ისრაელის განადგურებას ცდილობენ. ჩვენი თავდაცვის ძალები ყველანაირ ზომას მიიღებენ სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

რკინის გუმბათი იცავს ისრაელის საჰაერო სივრცეს ირანის სარაკეტო შეტევისგან, 1-ელი ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Schalit

ცნობილია, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში აშშ-ის არმიაც მონაწილეობდა. ცნობილია, რომ ამერიკამ 43 ათას სამხედრომდე გაზარდა პირადი შემადგენლობა ამ რეგიონში და ასევე დამატებით გამოუგზავნა რამდენიმე ათეული საბრძოლო ხომალდი. პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი ამბობს, რომ აშშ-ს არ სურს ფართო რეგიონული კონფლიქტი. პენტაგონი გააგრძელებს მუშაობას, რომ ეს ასე არ მოხდეს.

„ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ეს, მართლაც, ირანის მხრიდან მნიშვნელოვანი იერიში იყო. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რომ ისრაელს თავდაცვაში დავეხმაროთ. ეს იერიში, ალბათ, ორჯერ უფრო ძლიერი იყო იმაზე, რაც ადრე ვნახეთ. კვლავ გავიმეორებ, ვაანალიზებთ შედეგებს. ჩვენ ნამდვილად ვგმობთ ამ უგუნურ, პირდაპირ თავდასხმას ისრაელზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას“, – ამბობს პენტაგონის პრესსპიკერი პეტ რაიდერი.

ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლშიც, ჯო ბაიდენის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც ისაუბრა.

„ირანი არსებული ვითარების ამრევი, საშიში ძალაა ახლო აღმოსავლეთში. ამას ამტკიცებს ისრაელზე შეტევა. პრეზიდენტ ბაიდენსა და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად ამ იერიშს სიტუაციურ ოთახში ვაკვირდებოდი. დავრწმუნდით, რომ რეგიონში აშშ-ის პერსონალის დაცვა უმნიშვნელოვანესია. სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც ბრძანება მისცა ამერიკულ ძალებს, ჰაერში გაენადგურებინათ ისრაელისკენ დამიზნებული ირანული რაკეტები. ჩვენ ეს აპრილშიც გავაკეთეთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

ახლო აღმოსავლეთში ყველას ახსოვს თეირანის შუაგულში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ ე.წ. პეიჯერების ოპერაცია ლიბანში, რასაც მალევე ასევე ლიბანში  „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდირება მოჰყვა. როგორ უპასუხებს ისრაელი ირანის სარაკეტო იერიშს, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend