თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი საჩივარი ცესკოს მიერ მიღებულ განკარგულებასთან დაკავშირებით და საარჩევნო უწყების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საქმე ეხება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას საკმარისი რაოდენობით. ცესკოს ოპოზიციონერი წევრის ანა კობახიძის განცხადებით, ცესკოს განკარგულება და სასამართლოს გადაწყვეტილება ემიგრანტების 90%-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკარგავს. ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შეხვედრას ითხოვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„ვინაიდან სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გააბათილა ცესკოს განკარგულება, რომლითაც ემიგრანტების 90%-ს უკარგავს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოგვარების, ამიტომ, ვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას.
პირველ რიგში, მათგან გვჭირდება პასუხი ამ შეუსაბამობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემით 131 091 პირი არის საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო ცესკოს, 25 სექტემბერს სამინისტრომ 65 000 პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც არის დიდი შეუსაბამობა. სწორედ ამ შეუსაბამობაზე ვითხოვთ პასუხს. ასევე შეხვედრაზე უნდა მოგვეწოდოს ყველა იმ ქალაქის შესახებ ინფორმაცია, სადაც ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები, ამის შესახებ იცის სამინისტრომ და მოვისმინეთ, თუ რატომ არ უზრუნველყო მათთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა.
ბოლოს გვინდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, იქ სადაც უბნები გაიხსნება, არის თუ არა შენობები შესაბამისად მოწყობილი, რათა იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც კილომეტრების გავლა მოუწევთ, რადგან სამინისტროს დამსახურებით საარჩევნო უბანი ახლოს არ მდებარეობს, მისცემენ თუ არა ხმას რიგებისა და სხვა დისკომფორტის გარეშე”,-განაცხადა ანა კობახიძემ.
ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა ცესკო. უწყების ცნობით, სასამართლომ ვერ დაადგინა ცესკოს განკარგულებაში რაიმე პრობლემა და ამიტომ, დატოვა ძალაში ეს გადაწყვეტილება.
ცესკოს განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება.