ულტრამემარჯვენე პარტია, რომელსაც სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ ქსენოფობიაში, რასიზმსა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულია. „თავისუფლების პარტია“, რომელსაც სათავეში ავსტრიის ერთ-ერთ საძულველ პოლიტიკოსად დასახლებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 55 წლის ჰერბერტ კიკლი უდგას, წინასწარი ოფიციალური შედეგებით ამომრჩეველთა ხმების 29.2% ფლობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე პარტიამ პირველად მოიპოვა და ეს უპირველესად მიგრაციის პოლიტიკასა და ცხოვრების ხარჯების ზრდით მოსახლეობის უკმაყოფილებას უკავშირდება.
პრორუსული და ანტიისლამური პარტია არჩევნების გამარჯვებულია. ახლა მთავარი გამოწვევა კოალიციის შექმნაა. პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის ერთ ან ორ პარტიასთან თანამშრომლობა სჭირდება, თუმცა ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაში შესვლას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ სათავეში ჰერბერტ კიკლი უდგას, სხვა პოლიტიკური პარტიები არ გეგმავენ.
ჰერბერტ კიკლი „თავისუფლების პარტიას“ 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი ამომრჩევლებს „ახალი ეპოქის“ დაწყებას ჰპირდება და არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ პარტიებს გამარჯვებულთან კოალიციაზე დაფიქრებისთვის ორ ან სამ დღეს აძლევს.
„ჩვენ ნამდვილად გავაღეთ ახალი ეპოქის კარი. ვაპირებთ ერთად დავწეროთ ახალი თავი ავსტრიის ისტორიაში. ჩვენ შევქმენით პრინციპი, რომ მთავარი ხალხია. სხვებთან დისკუსიისას მქონდა განცდა, რომ ისინი გაოგნებულები იყვნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს არჩევნები არ ჩატარებულა. მათ კიდევ ორ ან სამ დღეს ვაძლევ ფიქრისთვის. დავიტოვოთ იმედი, რომ გონს მოეგებიან. ეს მათ ინტერესებშიც იქნება“, – ამბობს ჰერბერტ კიკლი, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი.
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მეორე ადგილს 26.5%-ით კანცლერ კარლ ნეჰამერის სახალხო პარტია იკავებს. ამომრჩეველთა 21% ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ემხრობა. ხმათა 8.3%-ს მწვანეები, 9.1%-ს კი ლიბერალები ფლობენ. სხვა პარტიებმა, მაგალითად, „ავსტრიის კომუნისტურმა პარტიამ“, 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მათი უმრავლესობა კი, ვინც პარლამენტში შესვლა მოახერხა, ულტრამემარჯვენეებთან კოალიციაზე უარს ღიად აცხადებს.
„მე არასდროს გამომირიცხავს „თავისუფლების პარტიასთან თანამშრომლობა. როგორც დემოკრატს, მიმაჩნია, რომ ეს არასწორია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ჰერბერტ კიკლთან ერთად ქვეყანას გონივრულად და პასუხისმგებლობიანად ვერ მართავ. კაცთან ერთად, რომელსაც სჯერა შეთქმულების თეორიების, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს იმაში, რომ იგი შემდეგი მსოფლიო მთავრობა უნდა გახდეს და დავოსში შეხვედრას ამის მოსამზადებელ ეტაპად მიიჩნევს, ეს შეუძლებელია. მე კვლავ ასე ვფიქრობ“, – ამბობს კარლ ნეჰამერი, ავსტრიის კანცლერი.
არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან ექსპერტებიც.
„ვისაც ჰგონია, რომ არჩევნებში გამარჯვებას ბოლო სამი თვე წყვეტს, ცდება. არჩევნების მოგება ოთხწელიწად-ნახევრით ადრე ხალხისა და სამიზნე აუდიტორიისთვის სასურველი პოზიციის დაკავებით ხდება. სწორედ ეს მოახერხა „თავისუფლების პარტიამ“ ორი დიდი თემით, ერთი მხრივ, მიგრაციით, მეორე მხრივ კი, მაინც კორონავირუსით“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი პიტერ ჰაჯეკი.
29 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ 78% შეადგინა. „თავისუფლების პარტიამ“ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებშიც.