გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ. თავიანთ განცხადებებში მათ ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც საერთაშორისო საზოგადოება დგას. მათ შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევის ფაქტებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინისადმი.
„დღეს ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ სერიოზული საფრთხის წინაშე, რომელიც გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება. გასული ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რუსეთის სასტიკი და აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ეს უხეში დარღვევაა საერთაშორისო სამართლის იმ ნორმების, რომლის თანახმადაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენება აკრძალულია. ეს არაპროვოცირებული აგრესია რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს და გლობალურ წესრიგსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“ … „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში. დაპყრობებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ეპოქა უნდა დასრულდეს, თუ რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევთანხმდებით ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, რომელშიც ნებისმიერი სახელმწიფო, განურჩევლად მისი ზომისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, შეიძლება გახდეს აგრესიის მსხვერპლი“, – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა.
რუსეთი ღიად გააკრიტიკეს ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმაც. მათ აღნიშნეს, რომ რუსეთს საერთაშორისო წესრიგისა და ბალანსის შეცვლა აგრესორი ქვეყნების სასარგებლოდ სურს და უკრაინაში მიმდინარე ომისთვის კრემლმა სრული ფინანსური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მორიგი შემაშფოთებელი კრიზისის წინაშე ვართ ისევე, როგორც მზარდი დაძაბულობის წინაშე ვართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რუსეთის აგრესიული ომი ყველაზე დიდი საფრთხეა. საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტით, ტერიტორიული მთლიანობითა და საზღვრის ხელშეუხებლობით განისაზღვრება, უკრაინაში თავდასხმის ქვეშაა. გაეროს ყოველ წევრს, აგრეთვე, ბევრი აქვს დასაკარგი“, – ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გლობალური უსაფრთხოების მდგრადობა სამხედრო აგრესიის წინაშე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგრესორი ბირთვული სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთი ცდილობს იმის განადგურებას, რაც ჩვენ ყველამ ერთად ავაშენეთ. რუსეთი ცდილობს საერთაშორისო სისტემა გადააკეთოს აგრესორების სასარგებლოდ. 50-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ლატვიას კარგად ესმის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი“, – ამბობს ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი.
„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის სიტუაცია, რომელშიც შავი და თეთრი აშკარაა. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა – მსხვერპლი. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთს ყავაზე დავუძახოთ. ნაცვლად ამისა, ჩვენ დავუძახებთ მას პრეზიდენტი ზელენსკის ათპუნქტიანი მშვიდობის ფორმულის მისაღებად, რომელსაც დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს“, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი.
სიტყვით გამოვიდა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზურგს არ აქცევს უკრაინასა და მის უფლებას – დაიცვას თავისი საზღვრები, სუვერენიტეტი და თავისუფლება.
„ძვირფასო მეგობრებო, 2025 წელს ჩვენ აღვნიშნავთ გაეროს წესდების მე-80 წლისთავს. წესდების, რომელიც ამკვიდრებს პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ არცერთ შემთხვევაში უკან არ დავიხევთ, რადგან ეს არის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც შეიქმნა გარანტიისთვის, რათა ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან აღჭურვილი, თავდაცვის უფლება ჰქონოდათ. არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ეს კიდევ უფრო საჭიროა დაუცველთა დასაცავად. ამ მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის უფლებას – დაიცვას თავისი საზღვრები, სუვერენიტეტი და თავისუფლება – ზურგი ვაქციოთ. ჩვენ ვადასტურებთ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი შვიდი ოქტომბრის მსგავსი თავდასხმებისგან, თუმცა ამავდროულად, ჩვენ ვთხოვთ ისრაელს პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც „ჰამასისა“ და მისი დესტრუქციული პოლიტიკის მსხვერპლია“, – აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.
იტალიის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები გაეროში სიტყვით 24 სექტემბერს გამოვიდნენ. დღეს კი სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წარდგება.