კულტურა ერთ-ერთი სფეროა, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ამ პერიოდში არ არსებობს კულტურის ხელშეწყობის არანაირი გეგმა.
„მე არ მომისმენია კონკრეტული პოლიტიკა კულტურის არცერთ სფეროზე, რომ ასე დავეხმარებით გაჭირვების დროს, ასე დავეხმარებით ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. არანაირი გეგმა არ არსებობს“, – ამბობს პროდიუსერი გიორგი მუხაძე.
ფილმზე მუშაობისას კადრს მიღმა იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გადაღებაზე შეიძლება 100-მა ან 150-მა თანამშრომელმა იმუშაოს.
“მსახიობების და რეჟისორების უზარმაზარი ჯგუფი დაზარალდა. თუმცა, ჩემი აზრით ტექნიკური ჯგუფი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. გამნათებელი ან ოპერატორი სახლიდან ვერ იმუშავებს, მათი სამუშაო პირდაპირ საველე სიტუაციასთან არის დაკავშირებით.“ ყვება გიორგი მუხაძე.
კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილმა შეზღუდვების ფონზე მაინც მოახერხა ფილმზე მუშაობა. ლევან კოღუაშვილი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა მან კორონავირუსი იდეის წყაროდ გამოიყენა და ახალგაზრდა ჯგუფთან ერთად პანდემიის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
„დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ დოკუმენტები, ქრონიკა რჩება. რაც უფრო ძველია, უკეთესია, როდესაც ვხედავთ იმ დროის პორტრეტს. გადავიღეთ ის, რაც საქართველოში კოვიდ ეპოქის ქრონიკა და დოკუმენტია“, – ამბობს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი ნაკლებად ორიენტირებულია სამეცნიერო, ეკონომიკურ თუ სამედიცინო კვლევებზე. შემოქმედებითი კუთხით, მისთვის მეტად საინტერესო იყო, თუ როგორ იქცევა ქვეყანა ექსტრემალურ სიტუაციაში, ხელისუფლებით დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული.
„ეს არ არის სტატისტიკური გამოკვლვა იმაზე, თუ რა გავლენა იქონია კორონამ. პირველ რიგში ხალხი მაინტერესებს, რომლებიც არაორდინალურ სიტუაციაში არიან და როგორ იკვეთება ქვეყნის ხასიათი ამ სიტუაციაში“, – ყვება ლევან კოღუაშვილი.
როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, გასულ წელს მაქსიმალურად ამოწურეს ონლაინმუშაობის ყველანაირი რესურსი. მათი აზრით, უკვე დროა, დაუბრუნდნენ რეალურ სამუშაო ადგილს.
კესარია ჯავახიშვილი