მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახალი გეგმა დაამტკიცა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახალი გეგმა დაამტკიცა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც 21-ე საუკუნის პრობლემების დასაძლევად მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას ითვალისწინებს.

გეგმის მთავარი საკითხებია: კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი, კონფლიქტების ესკალაცია, უთანასწორობა, სიღარიბის დაძლევა და სხვა.

42-გვერდიანი „პაქტი მომავლისთვის“ გაეროს 193 წევრი ქვეყნის ლიდერებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ დაპირებები აქციონ რეალურ ქმედებებად, რომლებიც მსოფლიოსა და 8 მილიარდზე მეტი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.

პაქტი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მიერ მოწვეული ორდღიანი „მომავლის სამიტის“ გახსნაზე მიიღეს.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მულტილატერალიზმი დავაბრუნოთ. მე მოვუწოდე ამ სამიტზე მონაწილეებს, განიხილონ მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა გლობალური ინსტიტუტების მოდელი იყოს სამართლიანი და ეფექტური, გაეროს წესდებასა და ღირებულებებზე დაფუძნებული. 21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვს 21-ე საუკუნის გადაწყვეტილებებს, ჩარჩოებს, რომლებიც იქნება ინკლუზიური, რომელიც დაეყრდნობა მთელი კაცობრიობის გამოცდილებას. მე მივმართე სამიტს, რადგან ჩვენი სამყარო რელსებიდან უხვევს, ამიტომ გვჭირდება მკაცრი გადაწყვეტილებები, რათა დავბრუნდეთ ამ გზაზე. ახლა დაძაბული და გარდამავალი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით სრულყოფილ პირობებს. ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი გადამწყვეტი ნაბიჯები საერთაშორისო თანამშრომლობის განახლებისა და რეფორმებისკენ და გავხადოთ ის უფრო ქსელური, უფრო სამართლიანი და ინკლუზიური. დღეს, თქვენი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ეს წინაპირობა უკვე გვაქვს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

„მომავლის პაქტი“ ასევე მოიცავს სიღარიბის აღმოფხვრის, გენდერული თანასწორობის მიღწევის, მშვიდობის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხებსაც. გაეროს მიერ მიღებული ახალი გეგმა ასევე ითვალისწინებს ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend