გაერთიანდებიან თუ არა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გუნდები საარჩევნოდ და შეიქმნება თუ არა ახალი ოპოზიციური ერთობა? – ეს კითხვა ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელი რჩება. ცნობილია, რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები და ისიც, თუ რა შანსები რჩება ახალი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით.
ბოლო ორი დღის განმავლობაში პარტია „გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია „ძლიერი საქართველო” მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და შეუთანხმებელ პირობებზე საუბრობენ. ბრიფინგი გამართა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. მან მოლაპარაკებების განახლების მზაობა გამოთქვა, თუმცა თან დაასახელა 3 პირობა, რომლებიც მისი თქმით, საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა შესრულდეს. ეს სამი პირობა კი მოიცავს:
1. ნეიტრალური პლატფორმის შექმნას, რომელიც პარტიის ლიდერის შეფასებით, სამართლიანი და უსაფრთხო იქნება ყველასთვის;
2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი;
3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
აქვე გიორგი გახარიამ განმარტა, რას მოიცავს პირველი პირობა, ანუ „ნეიტრალური პლატფორმა“. მისი შეფასებით, ეს არის „სხვა ნეიტრალური ორგანიზაცია, პარტია და ნომერი, რომელიც არ არის არც „25“ და არც „9“, არც „ლელო“ და არც „საქართველოსთვის“. პარტია „ლელოს“ დასახელება არის „ლელო საქართველოსთვის“.
გიორგი გახარიამ ასევე თქვა, რომ მისი გუნდის მხრიდან შეცდომა იყო მოლაპარაკებების გაგრძელება მას შემდეგ, რაც შეთანხმების მიღწევა „ნეიტრალურ პლატფორმასთან“ დაკავშირებით შეუძლებელი გახდა.
„რას არ დათანხმდა ხაზარაძე? – ნეიტრალურ პლატფორმას, თქვა რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი; გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ, სამართლიან პრინციპს; ითქვა, რომ კოალიციაში ბევრი სუბიექტია, თუმცა ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი; კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, უარი ვთქვით ყველაფერზე პარტიასა და პარტიულ ნომერზეც, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს. მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა, ყველა ერთად ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ბრიფინგს მალევე გამოეხმაურნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან”. კოალიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს პირობები იყო შეუთანხმებელი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. მისივე შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ასეთი ტიპის მასშტაბურ ცვლილებებზე საუბარი არის დაგვიანებული.
მამუკა ხაზარაძე ასევე საუბრობს იმ 9 დათქმაზე, რომლებიც მან და გახარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას განიხილეს:
- ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;
- გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის (გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე).
- ხაზარაძისა და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით მაგალითად, 10-10 „ლელო“/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები;
- გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამისა და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი.
- ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით.
- 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.
- დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძისა და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც.
- მართვა, საბჭო. მაგალითად: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი) 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან. მათ შორის, როგორც კოალიციის ლიდერმა თქვა, იყო 20 ივნისისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი. მამუკა ხაზარაძის თქმით, ორივე საქმეზე გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია თავისუფალი, დემოკრატიული და მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის პირობებში. კოალიციის ლიდერი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანება ვერ შედგება, საარჩევნოდ ისინი მზადებას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ, რადგან მისი თქმით, კოალიციის მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის პროდასავლურ გეზზე დაბრუნებაა.
მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აქამდე რამდენიმედღიან მოლაპარაკებებს მართავდნენ, როგორც პირისპირ, ისე პრეზიდენტთან, ხოლო აუდიენცია თავად ოპოზიციონერი ლიდერების მიერ „კონსტრუქციულად და მშვიდობიანად“ ფასდებოდა, ბოლო 2 დღეა, ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ. თუმცა ბრიფინგებზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ტოვებს დისკუსიებისა და შეთანხმების მიღწევის სივრცეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე, 26 სექტემბერს, ცესკოსთვის ცნობილი უნდა იყოს, რა ფორმით მონაწილეობენ არჩევნებში პარტიები – დამოუკიდებლად თუ კოალიციის/გაერთიანების სახით.