პერუს ხელისუფლებამ ქვეყნის სამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პერუში ივლისიდან მოყოლებული ტყის ხანძრებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დამწვარია 3000 ჰექტარი მიწის ფართობი. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის მეთაურმა დინა ბოლუარტემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა სან-მარტინის, ამაზონასსა და უკაიალის რეგიონებს ეხება. მისი თქმით, არმიის, საზღვაო ფლოტის, საჰაერო ძალებისა თუ პოლიციის ყველა ვერტმფრენი ამჟამად პერუს საჰაერო ძალების განკარგულებაშია, რათა ეროვნულ დონეზე გაუმკლავდნენ გაჩენილ ხანძრებს.
ბოლუარტემ განაცხადა, რომ ტყის ხანძრები ადამიანის საქმიანობის, კლიმატის ცვლილებისა და გვალვის გამო ჩნდება.
პერუს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოდან ნოემბრამდე ტყის ხანძრები ხშირი მოვლენაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოების მიზნით გამომშრალი მდელოების დაწვასა და ზოგჯერ ადამიანის მიზეზით გამოწვეულ საქმიანობას უკავშირდება.
სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების მონაცემებით, ხანძრების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მიგელ აპონტეს თქმით, ექვსი ადამიანი მესამე ხარისხის დამწვრობით გარდაიცვალა, დანარჩენი ცხრა პირი კი – მავნე ნაწილაკების ჩასუნთქვით გამოწვეული ასფიქსიით. მათი უმეტესობა ასაკოვანი იყო.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს მიერ ამ თვის დასაწყისში შესწავლილი სატელიტური მონაცემებით, წელს სამხრეთ ამერიკაში ხანძრების 346 112 კერა მძვინვარებდა. ეს რაოდენობა 2007 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე მეტია.