მთავარიგადაცემებიSmart Regionsსამკურნალო თვისებების მქონე ჩანჩქერები და ეკომედიცინა ავსტრიის ალპებში

სამკურნალო თვისებების მქონე ჩანჩქერები და ეკომედიცინა ავსტრიის ალპებში

ახალი ეკონომიკური და თერაპიული შესაძლებლობები ავსტრიის ალპებში მდებარე ქალაქ კრიმლის მოსახლეობას უფრო უკეთესი, ნათელი და ჯანსაღი მომავლის იმედს აძლევს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტურიზმსა და ჯანმრთელობას.

მაინც სად ჯობია წასვლა გაჯანსაღების მიზნით? რა თქმა უნდა, ალპებში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნების წიაღში ხვდები, რომელსაც განკურნებაც შეუძლია.

“ჩემი სასუნთქი სისტემის მხოლოდ 60 პროცენტი მუშაობს, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემს ცხოვრებაზე“, – ამბობს სელინ ნერბლი.

ავსტრიაში ზალცბურგის უნივერსიტეტის მედიკოსებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ტურიზმსა და ჯანმრთელობას ერთდროულად უწყობს ხელს.

არნულფ ჰარტლი, პარაცელსუსის სამედიცნო უნივერსიტეტის ეკომედიცინის ინსტიტუტის პროფესორი:

„ქალაქის გარემო იწვევს უამრავ დაავადებას, რომელთა განკურნებაც შესაძლებელია ალპებში – გამაჯანსაღებელი ტურიზმის ფორმატში. ალპები თითქოს მწვანე კუნძულია, რომელიც სამკურნალო მტვრის ზღვაში დგას“.

დასავლეთ ავსტრიაში მდებარე 380 მეტრის სიმაღლის კრიმლის დიდებული ჩანჩქერი ევროპის ყველაზე დიდი ჩანჩქერია. მისი წყლის ვარდნის შედეგად წარმოქმნილი ნისლი საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებით.

სოფელ კრიმლის ნოტიო ჰაერი სასუნთქი გზებისთვის წამალია. ჯანინი და მისი ქმარი აქ რეგულარულად დადიან ასთმისა და ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ.

“აქ უამრავ სასუნთქ და ინჰალაციურ ვარჯიშს ვასრულებთ. ეს მიხსნის ბრონქების არხებს და ამის შემდეგ სუნთქვა აღარ მეკვრის“, – განმარტავს სელინი.

“აქ წყლის წვეთები 200-ჯერ უფრო წვრილია, ვიდრე ასთმის აეროზოლში,“ – გვიხსნის არნულფ ჰარტლი, პარაცელსუსის სამედიცნო უნივერსიტეტის ეკომედიცინის ინსტიტუტის პროფესორი. „ ეს წვრილი წვეთები, რომლებსაც ისაუნთქავენ, უარყოფითად არის დამუხტული და იმუნოლოგიურ გავლენას ახდენს. ისინი ამცირებენ ფილტვების ანთებას“.

ეკოლოგიური მედიცინის პროფესორმა კლინიკური კვლევების საფუძველზე განავითარა პროექტი HEALPS2s-ი. მას მხარს უჭერს ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა, რომელიც პროექტის თითქმის ორმილიონნახევრიანი (2 417 603 ევრო) ევროს მოცულობის ბიუჯეტის 85 პროცენტს აფინანსებს. პროექტის გუნდი ალპებში მდებარე ყველა ქვეყენას – საფრანგეთს, იტალიას, სლოვენიას, ავსტრიას, გერმანიასა და შვეიცარიას – სთავზობს, დაეხმარონ ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებს, შეადგინონ საკუთარი ბუნებრივი რესურსების სია, რათა თერაპიული ტურიზმის მათზე მორგებული მოდელი შეიმუშაონ.

“ალპების რეგიონისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება, შესაძლოა, ძალიან სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის. იქნება ეს სალაშქრო ბილიკები, უფრო ჯანსაღი ჰაერი, სიგრილე, კლიმატის ცვლილების მიუხედავად, და სხვა ფაქტორები, როგორებიცაა ალპური მინდვრები, ნედლი რძის პროდუქტები თუ თაფლი“ – განმარტავს პროფესორი არნულფ ჰარტლი.

კრიმლში თერაპიული ტურიზმის წყალობით ახალი იდეები გაჩნდა: მაგალითად, ერთი სასტუმრო გათვლილია ალერგიით დაავადებულ ადამიანებზე. სოფელი ძალიან გამოცოცხლდა.

„ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვალა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ტურიზმის სექტორში შევედით,“ – ამბობს სილვია ნოთდურფტერი, Hohe Tauern Health-ის ვიცე-პრეზიდენტი. “სტუმრების რაოდენობა დაახლოებით 35 პროცენტით გავზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი შორსაა, აქ დასაქმება მაინც გავზარდეთ. განსაკუთრებით იმატა ქალთა დასაქმებამ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების დასაქმებამ, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება რეგიონში“.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ალპებში თოვლმა იკლო, პროექტი HEALPS2 სათხილამურო კურორტებს ახალ პერსპექტივას უხსნის.

ავტორი: ლოურენს ალექსანდროვიჩი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend