რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე. ხარკივის ოლქში რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა მაღალსართულიან შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. დაშავებულები, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. რუსეთის საჰაერო ავიაციამ იერიში მიიტანა დონეცკის ოლქზეც, რის შედეგადაც დაიჭრა სამი ადამიანი.
რუსული ძალები ხერსონის ათ დასახლებასაც დაესხნენ თავს, სადაც 6 ადამიანია დაშავებული.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის მიერ გაშვებული 56 „შაჰედის“ დრონიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 53 ჩამოაგდეს. უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ უპილოტო საჰაერო დრონების მასშტაბური თავდასხმა კიევზე დილის საათებში მოიგერიეს. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთმა ამ თვეში კიევზე მერვედ მიიტანა საჰაერო იერიში.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად ბელგოროდში რვა ადამიანია დაშავებული.
რაკეტა ქალაქში დილით ჩამოვარდა. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
ბელგოროდი ესაზღვრება უკრაინის სუმის, ხარკივისა და ლუჰანსკის რეგიონებს და მას რეგულარულად იყენებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ იერიშების მისატანად.