ნოლანდ არბაუ ელონ მასკის Neuralink-ის პირველი პაციენტია. მას იანვარში თავის ტვინში ჩიპი გადაუნერგეს. ოპერაციიდან რვა თვის შემდეგ კი, ის პარიზშია და სწრაფი ჭადრაკის ჩემპიონატისთვის ემზადება.
30 წლის ამერიკელი რვა წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად, კისრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. ტბაში გადახტომის შემდეგ კვადრიპლეგია, ანუ ოთხივე კიდურის დამბლა განუვითარდა. მომდევნო რამდენიმე წელი საავადმყოფოებში გაატარა. მისთვის დამხმარე საშუალებების გარეშე მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი შეუძლებელი იყო.
ამბობს, რომ ჩიპის გადანერგვამდე მისი სხეულისთვის ჭადრაკის თამაშიც კი, ძალიან რთული იყო და რომ ადრე სხვების დახმარება, თუნდაც, ღილაკების გამოყენებისას სჭირდებოდა. ახლა მისთვის ყველაფერი შეიცვალა. „ახლა შემიძლია ჭადრაკი საათობით ვითამაშო“, – ამბობს ნოლანდ არბაუ. როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ყველაფრისთვის არავის დახმარება აღარ სჭირდება.
Euronews-სთან საუბრისას Neuralink-ის პირველი პაციენტი ნოლანდ არბაუ ამბობს, რომ მასკის ინოვაციური პროექტის დახმარებით ოცნებების ასრულება შეძლო.
Neuralink-ის პირველი პაციენტი ყოველთვის ოცნებობდა საფრანგეთში მოგზაურობასა და ენის შესწავლაზე. თუმცა როგორც იხსენებს, ეგონა შეზღუდული შესაძლებლობის გამო ოცნებას ვერასდროს აისრულებდა.
ნოლანდ არბაუ წარმატებული ოპერაციის შემდეგ ინოვაციურ ტექნოლოგიას არა მხოლოდ ჭადრაკის სათამაშოდ, არამედ ფრანგულისა და იაპონურის სასწავლად იყენებს.
„დარწმუნებული ვარ, ხალხი ფიქრობს, რომ ეს პროექტი ჰგავს მატრიცას, სადაც შეგიძლია უბრალოდ ჩამოტვირთოთ პროგრამები. რეალურად კი, ის სწავლის გაადვილებაში მეხმარება“, – თქვა მან.
მას მომავლისთვის ახალი გეგმებიც აქვს – სურს იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლოს.
„მე უნდა დავბრუნდე სასწავლებელში, დავამთავრო სწავლა და შემდეგ წავიდე იურიდიულ სკოლაში. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. მაგრამ იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევ“.
Redefining the boundaries of human capability requires pioneers.
If you have quadriplegia and want to explore new ways of controlling your computer, we invite you to participate in our clinical trial. pic.twitter.com/svqfAkVV1M
— Neuralink (@neuralink) May 16, 2024
მიუხედავად ფიზიკური შეზღუდვისა, ის მადლიერია, რომ ტვინის ფუნქცია სრულად შეუნარჩუნდა.
ელონ მასკის ინოვაციური ტექნოლოგია მონეტის ზომის მოწყობილობის მეშვეობით მუშაობს. თავის ტვინში ჩიპი ქირურგიულადაა ჩანერგილი და აქვს თხელი ძაფები, რომლებიც შედიან ტვინში და ავითარებენ ტვინის ე.წ. კომპიუტერის ინტერფეისს (BCI). იმპლანტს შეუძლია ამოიცნოს ტვინის აქტივობა და გაუგზავნოს ის სხვადასხვა მოწყობილობას, მაგალითად, კომპიუტერს Bluetooth-ის საშუალებით.
მიუხედავად წარმატებული ოპერაციისა, ერთი თვის შემდეგ ძაფები იმპლანტს ჩამოშორდა, რამაც მოწყობილობის ეფექტურობა შეამცირა.
არბაუს თქმით, ახლა მისი იმპლანტი კვლავ კარგად მუშაობს. მას სჯერა, რომ ერთ დღესაც ელონ მასკის პროექტი იმდენად განვითარდება, რომ მისი დახმარებით პარალიზებულ ადამიანებს გადაადგილება შეეძლებათ.
„მე ვიცი, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს მოხდება ჩემს სიცოცხლეში”, – თქვა მან.