გზა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში დასავლეთისთვის რუბიკონადაა შეფასებული. საერთაშორისო პარტნიორები კიევისთვის დროული დახმარებისა და დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე მსჯელობენ. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს მოსკოვიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მუქარის შემცველი განცხადებების მოსმენა უწევთ. კრემლის ლიდერი დასავლეთს მათთვის „მოსალოდნელი სავალალო შედეგების“ შესახებ აფრთხილებს და ომის მასშტაბების გაზრდით იმუქრება.
„საქმე გვაქვს ორაზროვნებასთან, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ „კიევის რეჟიმისთვის“ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელების უფლების მინიჭებაზე. ამისთვის ისინი უკვე იყენებენ დრონებსა და სხვა შეიარაღებას. როდესაც საუბარია დასავლური წარმოების შორი მოქმედებისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენებაზე, აქ ბევრად განსხვავებული ვითარებაა. ამჟამად უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, ზუსტი დარტყმები განახორციელოს დასავლური წარმოების იარაღით. ეს მხოლოდ თანამგზავრული მონაცემებით შეიძლება, რომელიც უკრაინას არ აქვს და აქვს ევროკავშირს, ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ ამ ტიპის იარაღის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა, ეს იქნება აღქმული როგორც ნატოს წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის ომში. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. და თუ ეს ასე იქნება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ გვემუქრება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის მსგავსი რიტორიკა დასავლეთისთვის ახალი არაა, ამიტომ გასული კვირის განმავლობაში პარტნიორებმა დიპლომატიურ შეხვედრებზე უკრაინას არაერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა. დასავლელი ლიდერები ერთმანეთს „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტის ფარგლებშიც შეხვდნენ, თუმცა ერთდღიანი კონფერენცია კიევისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. დისკუსიებმა ოკეანის მიღმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა. ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი. რუსული სამხედრო პოლიტიკის შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი გადაწყვეტილებების მომხრენი არიან ბალტიისპირა სახელმწიფოებიც, რომლებიც კრემლის აგრესიის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენენ.
We stand with Ukraine today, tomorrow, and for as long as it takes. pic.twitter.com/uhCWahGpF2
— David Lammy (@DavidLammy) September 12, 2024
„ეს სამაგალითო სიმამაცეა ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ რუსეთსა და ბელარუსთან მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, ამიტომ, არც ჩვენთვისაა მარტივი. ბელარუსიდან თითქმის ყოველდღიურად ვართ ჰიბრიდული თავდასხმის მსხვერპლი. დრონები დაფრინავენ ჩვენი ქვეყნის ცაზე, ამიტომ აქ ვართ იმისთვის, რომ ვისწავლოთ ამ პრობლემასთან გამკლავება“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ.
„ახლა მესმის, რომ თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ – დასავლეთისგან შეიარაღების გამოყენებაზე ნებართვის მოხსნა. ვიმედოვნებ, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მიიღებენ დროულ გადაწყვეტილებას და შეძლებთ გამოიყენოთ იარაღი რუსულ სამხედრო სამიზნეებზე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ალან კარისმა კიევში ვიზიტისას.
„წლებია, ვლადიმერ პუტინი იწყებს ომს და ხელმძღვანელობს იმდენ ხანს, რამდენიც სურს. ის ასე გააგრძელებს, სანამ გარშემო მსოფლიოს სძინავს, სანამ მსოფლიოში ვიღაც მაინც თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს არაფერი აინტერესებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ვინმე მაინც დაიჯერებს ნარატივს, რომ პუტინი უკრაინაში ნაციზმს უპირისპირდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევი ვაშინგტონში მისაღები გადაწყვეტილების მოლოდინშია. უკრაინის ხელისუფლება შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნას, დასავლეთზე არა ზეწოლად, არამედ რუსული აგრესიის შეჩერების ერთადერთ სამართლიან გზად მიიჩნევს. ამ პოზიციას ნაწილობრივ იზიარებენ ევროპაშიც და ამერიკაშიც. დამატებითი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, აქამდე ვაშინგტონი ცდილობდა, გადაერწმუნებინა ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხედრო დახმარება სხვა ფორმით შეეთავაზებინა. ახლა კი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის თეირანის მიერ მოსკოვისთვის გადაცემული რაკეტები აღმოჩნდა ის რისკი, რამაც ვაშინგტონს დროული ქმედებებისკენ უბიძგა.