ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა. მის ამ გადაწყვეტილებას მსმენელები და არა მხოლოდ ისინი უკვე დიდი ხანია ელიან. მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ისაუბრა. პოსტის ბოლოს კი საკუთარი თავი მოიხსენია, როგორც „კატების მოყვარული უშვილო ქალი”. სწორედ ისე, როგორც რესპუბლიკელები მოიხსენიებენ კამალა ჰარისს. ამ საკითხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქმე იმაშია, რომ 2021 წელს რესპუბლიკელების მიერ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებულმა კანდიდატმა ჯეი დი ვანსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას მართავენ დემოკრატები ანუ ოლიგარქები და კატების მოყვარული, უბედური უშვილო ქალები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს გაუბედურება სურთ. სულ რამდენიმე დღის წინ კი, ეს ინტერვიუ კვლავ აქტუალური გახდა. სოციალურ ქსელში არ წყდება ჯეი დი ვანსის კრიტიკა. მის ინტერვიუს ასევე უარყოფითად აფასებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე ჰილარი კლინტონი.