მთავარიევროპარუსეთი„პუტინისთვის სიკვდილი მსუბუქი სასჯელი იქნება” - ვლადიმირ კარა-მურზა

„პუტინისთვის სიკვდილი მსუბუქი სასჯელი იქნება” – ვლადიმირ კარა-მურზა

რუსი ოპოზიციონერი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმირ კარა-მურზა ბერლინში ყოფნისას რუსეთის მომავალზე საუბრობს. ის იხსენებს ციმბირის ციხეში პატიმრობას და ამბობს, რომ სურს თავიდან ააშენოს რუსეთი.

ის პუტინის რუსეთს იოსებ სტალინის მმართველობას ადარებს და ამბობს, რომ მსგავსება დიდია. „მაშინაც ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა ფარულად იკრიბებოდა, რათა განეხილათ მკაცრად აკრძალული თემები”,- ამბობს კარა-მურზა.

მისივე თქმით, რამდენიმე წლიანი პატიმრობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ესაუბრა მეუღლეს, ხოლო ორჯერ შვილებს.

სამარტოო საკანში გატარებული ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მისი ერთადერთი თანამოსაუბრეები კატები იყვნენ.

საუბრისას მან ასევე გაიხსენა ის დღე, როდესაც მოულოდნელად ციხიდან გამოიყვანეს: „თავიდან მეგონა, რომ ჩემს დახვრეტას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ ვიგრძენი, რომ კარგი ფილმის სცენარში აღმოვჩნდი“. ფილმის ბედნიერი დასასრული მხოლოდ მაშინ დაიჯერა, როდესაც სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად მოსკოვის აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში აღმოჩნდა.

ვლადიმირ კარა-მურზას მიზანია, რომ იყოს იმ რუსების ხმა, რომლებსაც მისი თქმით, „იზოლირებულ ავტორიტარულ ფსევდოიმპერიაში კი არ უნდათ ცხოვრება, არამედ ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოში“.

„ალექსეი ნავალნის ყოველთვის უყვარდა იმის თქმა, რომ ბოროტების გამარჯვებისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო, კეთილმა ადამიანებმა არაფერი გააკეთონ”, – ამბობს კარა-მურზა, „მე ვიზიარებ მის ყოველ სიტყვას. ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა არსებობს მხოლოდ უბრალო ხალხის მხარდაჭერით“.

„მინდა, პუტინი მსჯავრდადებულთა სკამზე ვიხილო. მან პასუხი უნდა აგოს ყველაფრისთვის, რაც 25 წლის განმავლობაში ჩაიდინა”, – ასე პასუხობს ყოფილი პოლიტპატიმარი აუდიტორიიდან რეპლიკას – “რუსეთი თავისუფალი იქნება მაშინ, როდესაც პუტინი მოკვდება”.

„როგორ გახდა რუსეთი ისეთი შემზღუდველი ქვეყანა, როგორიც დღეს არის?“ – ამ კითხვაზე კარა-მურზას შემდეგი პასუხი აქვს. ის ამბობს, რომ რუსეთში ეს შედეგი 1990-იან წლებში დაშვებული ორი შეცდომის გამო მიიღეს. ერთი – რუსეთმა არ მიიღო თავისი წარსული, არ დაგმო ბოროტება, ხოლო მეორე მიზეზად ის დასავლეთის არასაკმარის თანადგომას ასახელებს და ამბობს, რომ 1990-იან წლებში დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო მზად დემოკრატიული რუსეთის მისაღებად და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის.

რუსეთში ავტოკრატიის დამარცხების გზად კარა-მურზა დასავლეთის მზადყოფნას ასახელებს, რომ მიიღოს ახალი, დემოკრატიული რუსეთი, რომელმაც უკვე ისწავლა შეცდომებზე. მისი თქმით, რუსეთი ევროპას ეკუთვნის, როგორც კულტურულად, ასევე მენტალურად.

„მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება, ხალხთან საუბარი და მათი დარწმუნება, რომ მოგვიანებით, როცა რუსეთი მზად იქნება ცვლილებებისთვის, აღდგება ყველაფერი, რაც განადგურდა ბოლო 25 წლის განმავლობაში… არ შეიძლება დავკარგოთ კავშირი ჩვენს საყვარელ რუსეთთან, ბორის ნემცოვისა და ალექსეი ნავალნის რუსეთთან“, – განაცხადა მან.

ვლადიმირ კარა-მურზაც 2021 წლის ივლისში დეზინფორმაციის გავრცელების, არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს და სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კარა-მურზას ცოტა ხნის წინ გერმანიაში კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ისაუბრეს რუსეთის მომავალსა და ათასობით პოლიტპატიმარზე, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსში ჯერ კიდევ გისოსებს მიღმა არიან დარჩენილები და სასჯელს უმძიმეს პირობებში იხდიან.

კარა-მურზა ამბობს, რომ მას რუსეთიდან კვლავ ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ „ბევრი არ ისაუბროს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend