გერმანიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის შემდეგ ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მომდევნო სამშვიდობო კონფერენციაში, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინაში ომის დასრულება იქნება. კანცლერი ამბობს, რომ ამ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე დღის წინ გერმანიაში რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მან მხარდაჭერისთვის პარტნიორებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ამ შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებით 250 მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო. დიდ ბრიტანეთში კი აცხადებენ, რომ ისინი უკრაინას 650 საჰაერო თავდაცვის რაკეტას გადასცემენ, ხოლო გერმანიას 12 საარტილერიო დანადგარს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს და იბრძვის უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის.
ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას შეთანხმდა, რომ მომდევნო სამშვიდობო სამიტზე მოლაპარაკებებისთვის რუსეთიც უნდა იყოს წარმოდგენილი. ბოლო სამშვიდობო სამიტი 2023 წლის ივნისში ჩატარდა, სადაც მსოფლიოს 78-მა ქვეყანამ უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა ამ სამიტს სხვა ხელშესახები შედეგი არ მოუტანია. რუსეთს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.