მთავარისაქართველობრძოლა ბავშვების გადარჩენისთვის

ბრძოლა ბავშვების გადარჩენისთვის

„სიცოცხლის წყარო“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო გამოფენას, რომელიც ბავშვებში ონკოლოგიური დაავადების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ფერადი ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და სიმბოლური გულსაბნევები დახვდებათ. აქ 3 დღის განმავლობაში ბევრს ისაუბრებენ მძიმე დაავადების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მნიშვნელობაზე.

სამდღიანი საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე. ის ამბობს, რომ საქართველოში ონკოპაციენტებს სრულფასოვანი მკურნალობის მიღების საშუალება ჯერ კიდევ არ აქვთ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ნახატებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა, საიდანაც შემოსული თანხა ონკოპაციენტი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებში სიმსივნის არც ერთ ტიპზე არ არის სკრინინგი შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ცნობიერების ამაღლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიური პედიატრიის სიმპტომებზე. ჩვენმა ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დიმიტრი ცინცაძის ფონდთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ არც საქართველო ყოფილიყო გამონაკლისი და ეს სამი დღე მიგვეძღვნა ბავშვთა ცნობიერების ამაღლებისთვის”, – ამბობს გვანცა აფხაიძე.

სექტემბერი ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თვეს სიმბოლურად „ოქროსფერი სექტემბერი“ დაარქვეს და ამ ინიციატივის მიზანია პაციენტების მხარდაჭერა, მათი მკურნალობის დაფინანსება და საჭირო ინფორმაციის გავრცელება.

„ჩვენი ამ გამოფენის მიზანია შევაგროვოთ გარკვეული თანხა, ვისაც რა შეუძლია, რომ ჩვენს პატარა გმირებს დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ სიტუაცია. რადგან ჯერ კიდევ არის იმის პრობლემა, რომ ონკოპაციენტები ვერ იღებენ სრულფასოვან დახმარებას. ხშირად პრობლემაა დროის ფაქტორი, ან წამლის არქონა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, პაციენტებს ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ“, – ამბობს ეთერ ქურასბედიანი, „კავშირი სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელი.

საქველმოქმედო გამოფენა „სიცოცხლის წყარო“ დღეს, 6 სექტემბრის, 12 საათიდან დაიწყო და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს ღონისძიება დიტო ცინცაძის სახელობის ფონდისა და პაციენტთა გაერთიანების „კავშირი სიცოცხლისთვის“ ინიციატივით ტარდება. აქ მოსულ სტუმრებსა თუ ორგანიზატორებს ერთი მიზანი აერთიანებთ – ბრძოლა ბავშვების გადარჩენისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend