მთავარისაქართველოშავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტზე მუშაობა დაიწყო

შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტზე მუშაობა დაიწყო

მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა“ ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტში ჩართული ქვეყნების, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის, დელეგაციების მონაწილეობით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მე-8 მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობები. მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. ენერგეტიკული პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანი იქნება ევროკავშირისთვის მწვანე, კერძოდ, ქარის ენერგიის მიმწოდებელი. ენერგოკაბელი საქართველოს ტერიტორიას გაივლის და წყალქვეშ, შავი ზღვის გადაკვეთით ჯერ რუმინეთში შევა, შემდეგ კი ელექტროენერგია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გადანაწილდება.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუჟა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო შეხვედრის შემდეგ ბუქარესტში, რუმინეთი, 3 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

„ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ვცდილობთ იმ ფიზიკური ბარიერების გადალახვას, რომლის თანახმადაც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვის მეორე მხარეს. ჩვენ არ ვესაზღვრებით ევროკავშირის ქვეყნებს, თუმცა ვართ კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც ერთ დღეს ევროკავშირის ერთიანი ოჯახის წევრობა სურს. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი ევროკავშირის მოთხოვნებს დავუახლოოთ და ვვარაუდობ, რომ ძალიან მალე მზად ვიქნებით წევრობისთვის. მანამდე კი, ჩვენ მოვახერხეთ სხვა სექტორებში ინტეგრაცია და ვფიქრობ, რომ ამ პროექტით შეგვიძლია ევროპული ენერგობაზრის ნაწილი გავხდეთ. შესაბამისად, ეს ჩვენი ქვეყნისთვისა და დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

შავ ზღვაში ენერგოკაბელის წყალქვეშ გაყვანისთვის შესაბამისი ტექნიკური და ეკონომიკური კვლევა იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ ჩაატარა. კომპანიის დასკვნით, ეს პროექტი შეფასდა როგორც პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადი. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმსაც.

„მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი თავისი მწვანე ენერგიით მრავალ პრობლემას გადაჭრის. რა თქმა უნდა, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის, თუმცა ამავე დროს ეს მწვანე ენერგიაა. ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანია და ჩვენ კიდევ ერთხელ ამისთვის უკვე ბაქოში შევიკრიბებით. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად”, – ამბობს ფარვიზ შაჰმაზოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი.

ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაზე ითქვა, რომ პროექტს თანაბარი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩართული ქვეყნებისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ხელს შეუწყობს არა მარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას. სავარაუდოდ, ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით კაბელის გატარებას გულისხმობს და რისთვისაც მაღალი დონისა და დაცულობის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, ახლო მომავალში დაიწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend