მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი, აცხადებს, რომ აშშ-სა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობას დროებით შეაჩერებს. პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი ელჩების განცხადება გახდა, რომლითაც მათ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მექსიკის პრეზიდენტის ინიციატივა გააკრიტიკეს.
ლოპეს-ობრადორმა თავისი ვადის ბოლო კვირებში კონგრესში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლითაც მოსამართლეები თანამდებობას არჩევნების გზით დაიკავებენ. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში მხოლოდ ერთ სახელმწიფოს – ბოლივიას აქვს.
აშშ-ის ელჩმა, კენ სალაზარმა, ღიად გააკრიტიკა ეს ინიციატივა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა დემოკრატიის განვითარების გზაზე დიდი რისკია, რომელიც აშშ-მექსიკის მრავალწლიან ურთიერთობას დააზიანებს. სალაზრმა დასძინა, რომ არჩევნები ხელს მისცემს კარტელებსა და მაფიოზურ დაჯგუფებებს საკუთარი გავლენა გამოიყენონ სასურველი კანდიდატების ასარჩევად, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული იქნებიან.
„ეს საკითხი არ უნდა იყოს კამათის ან მტრობის მიზეზი, თუმცა მინდა გკითხოთ, რატომ უნდა მივცეთ უფლება ელჩს, გვითხრას რას ვაკეთებთ სწორად ან არასწორად? ეს არის თავდასხმა ჩვენს სუვერენიტეტზე და ურთიერთობების დროებით შეჩერებით ჩვენ დროს ვაძლევთ საკუთარ თავსა და აშშ-ის მთავრობას, რათა უკეთ გაიაზრონ მიმდინარე მოვლენები“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ლოპეს-ობრადორის საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს იურიდიული განათლება და სამუშაო გამოცდილება, ექნება საშუალება გახდეს მოსამართლე, თუ მას ხალხი აირჩევს. აღნიშნულ ინიციატივას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, სალაზარს ქვეყანა დავატოვებინოთ. სალაზარის განცხადება არ ყოფილა მისი პირადი აზრი, არამედ გვჯერა, რომ ეს აშშ-ის მთავრობის პოზიციაა. იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ და კანადა პატივისცემით მოეპყრობიან ჩვენს სუვერენიტეტს, მაგრამ ვიდრე ამას დაადასტურებდნენ, ჩვენ მათთან ურთიერთობა შეჩერებული გვექნება“, – ამბობს ლოპეს ობრადორი.
მექსიკის პრეზიდენტს ვადა 30 სექტემბერს ეწურება. კენ სალაზარმა პლატფორმა X-ზე უკვე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს.