ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მავრიტანიაში ხელი მოაწერა კანარის კუნძულებზე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მემორანდუმს.
სანჩესი აღიარებს, ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებს შორის მიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის სრულად გადაწყვეტა რთულია. მას სურს, რომ პროცესი უკეთ დარეგულირდეს.
„მიგრაციის საკითხი სხვადასხვა პრობლემას მოიცავს და მათ გადასაჭრელად გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მისი მართვა ჰუმანურად, უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად შევძლოთ“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა.
როგორც ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, იანვრიდან 22000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ესპანეთის სანაპიროებზე. მავრიტანიის პრეზიდენტთან მოჰამედ ულდ ღაზუანთან საუბრისას ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სურს ორ ერს შორის მიგრაციის პროგრამის დანერგვა.
სანჩესის ვიზიტი მავრიტანიაში სამდღიანი ტურის ნაწილია დასავლეთ აფრიკაში, შემდეგ ის გამბიასა და სენეგალს ეწვევა. ეს არის სამი ქვეყანა, საიდანაც მიგრანტების ნავების უმეტესობა კანარის კუნძულებზე მოსახვედრად სახიფათო მარშრუტს ირჩევს.