ორი კვირა კურსკის ოლქში უკრაინის სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან. კიევის მიერ დაკავებული რუსული დასახლებების რიცხვი თითქმის 90-ს გაუტოლდა.
ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება ქალაქები და სოფლები. სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ცხადდება ევაკუაცია. კურსკის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში კვლავ ნარჩუნდება ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა. ამ ფონზე მოსკოვის პოზიცია ისევ უცვლელია – სამხედრო მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაცვლად.
უკრაინის სახმელეთო ოპერაციის მიზნებზე ქვეყნის ხელისუფლება უკვე ღიად საუბრობს. კიევს სურს, რუსეთს აღმოსავლეთის ფრონტზე ლოჯისტიკური პრობლემები შეუქმნას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ჯარის ბოლოდროინდელი ქმედებები მოსკოვისთვის დამატებითი სირთულეების მომტანი აღმოჩნდა. კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმზე არსებული სამივე ხიდი განადგურებულია.
სახიდე გადასასვლელებზე დრონებით იერიში 16 აგვისტოს დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ ეს ხიდები რუსული ჯარების, როგორც ცოცხალი ძალით, ისე შეიარაღებით მომარაგების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ხიდების განადგურებით უკრაინას გზა დამატებით 700 კვ.კმ-მდე ფართობ რუსულ ტერიტორიაზე ეხსნება, ხოლო ათასობით რუსი სამხედრო ალყაში მოექცევა. რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინა გლუშკოვოს რაიონში მნიშვნელოვანი ხიდის განადგურების ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. კრემლის ვერსიით, შეტევას „მოხალისეები“ ემსხვერპლნენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.
უკრაინელთა სრულად კონტროლქვეშ მოქცეული ქალაქი სუჯა ახალ რეალობას ეგუება. რუსული სამხედროების უკუგდების შემდეგ, ქალაქს საბჭოური და რუსული სიმბოლიკებისგანაც ათავისუფლებენ. უკრაინის ხელისუფლება კურსკის ოლქში სამხედრო-სამეთაურო ცენტრისა და „ბუფერული ზონის“ მოწყობაზე საუბრობს, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
კიევის სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ჯერ კიდევ ნარჩუნდება რთული ვითარება. განსაკუთრებით დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში, სადაც მოსახლეობას აფრთხილებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ საცხოვრებელი სახლები. „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან საუბრისას, ოლქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი დობრიაკმა განაცხადა, რომ ქალაქს ყოველდღიურად 500-600 ადამიანი ტოვებს. რუსული ჯარების გადაადგილების ტემპის გათვალისწინებით, პოკროვსკის რაიონის მოსახლეობას ევაკუაციისთვის ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ვადის გასვლის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, შეწყვიტოს მოქალაქეთა დახმარების ყველა სერვისის მუშაობა.
რუსულ რაკეტებთან და დრონებთან გამკლავება უწევთ დონეცკის ოლქის სხვა დასახლებებშიც. 19 აგვისტოს ღამით, რუსებმა ოლქის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინამ ათამდე დრონის ჩამოგდება შეძლო, თუმცა განხორციელებული იერიშების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაიჭრა. პერიოდული შეტევების სამიზნეა სუმის ოლქიც. აღმოსავლეთის ფრონტზე ჯერ კიდევ რთული ვითარების გამო და კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის წარმატებით გაგრძელების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, არ შეწყვიტონ კიევის სამხედრო დახმარება და დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
„ჩვენი სამხედროები ყველა ფრონტზე წარმატებულად მოქმედებენ. ამის მიუხედავად, ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება იარაღის უფრო სწრაფი მომარაგება. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები და ლოჯისტიკური საკითხების დროული გადაწყვეტა. განსაკუთრებით მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, დასავლელი ლიდერებისგან პასუხის მოლოდინში მყოფ უკრაინას მიმდინარე კვირას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ეწვევა. აზიური სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის ეს ვიზიტი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი იქნება. ჯერჯერობით უცნობია როგორც ვიზიტის დეტალები, ისე დრო, თუმცა სავარაუდო თარიღებად 23 ან 24 აგვისტო სახელდება. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ნიუ-დელი ოფიციალურად არც მოსკოვს უჭერს მხარს და არც კიევს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ნარენდრა მოდი რუსეთის დედაქალაქში, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, სადაც განხილული იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები.
მოსკოვის უცვლელი პოზიციისგან განსხვავებით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით ცვალებადი პოზიციითაა გამორჩეული მინსკი. ბელარუსის პრეზიდენტი 16 აგვისტოს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობდა. 18 აგვისტოს კი, ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის, ჯამურად 1084-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, სამხედროების განთავსების შესახებ განაცხადა. ევროპაში მოსკოვის თითქმის ერთადერთი მოკავშირე იმუქრება, რომ საზღვრის გადაკვეთის ან ნებისმიერი სახის ესკალაციის შემთხვევაში, უკრაინულ ჯარებს უზარმაზარი დანაკარგი ექნებათ, რადგან მთლიანი მონაკვეთი დანაღმულია.
სამხედრო ოპერაციის ორი კვირის თავზეც, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის გასული 907 დღის განმავლობაში, კიევის მოწოდება დასავლეთისთვის ისევ ერთია – მეტი სამხედრო დახმარება და ქმედება აგრესორის შესაჩერებლად.