მთავარიევროპაუკრაინაკიევი კურსკში სამხედრო-სამეთაური პუნქტის მოწყობას გეგმავს

კიევი კურსკში სამხედრო-სამეთაური პუნქტის მოწყობას გეგმავს

უკრაინელი სამხედროების მიერ დაკავებული ათობით რუსული დასახლება, 120 000-ზე მეტი ევაკუირებული მოქალაქე, ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა ცალკეულ რეგიონებში და მოსკოვის უცვლელი რიტორიკა – ასეთია ვითარება რუსეთის ტერიტორიაზე კიევის სახმელეთო ოპერაციის მე-11 დღეს.

16 აგვისტოს დილიდან, რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ ცნობებს კრემლის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩის რაიონში აფეთქებების შესახებ. მოსკოვის ცნობით, გამოცხადდა განგაში და ყირიმის ხიდი რამდენიმე საათით ჩაიკეტა. რუსული წყაროების ცნობით, ხიდის თავზე რვა რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად კრემლის წარმომადგენლობა არ ადასტურებს. ქერჩის ხიდის სავარაუდო დაბომბვასთან დაკავშირებით, არაფერი უთქვამთ კიევში.

ქალაქ სუჯას სრულად აღება ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის ხელისუფლებამ. მოსახლეობისადმი ყოველდღიური მიმართვისას, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის ადმინისტრაციულ ცენტრში სამხედრო-სამეთაურო პუნქტის მოწყობაზე განაცხადა.

„მატება გვაქვს ჩვენს ე.წ „გაცვლის ფონდში“. გენერალმა სირსკიმ რუსული ჯარისგან ქალაქ სუჯას სრულ გათავისუფლებაზე განაცხადა. ამჟამად იქ იქმნება უკრაინული ჯარის კომენდატურა. შტაბის სხდომაზე შემდეგი მიზანი დავისახეთ, რომელიც რუსული ტყვეობიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას გულისხმობს. ბევრი სენსიტიური საკითხია. უკრაინის დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დავავალე, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინონ ჩვენი მოქალაქეების ტყვეობიდან დაბრუნების დეტალური გეგმა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ცნობით, კიევს ტერიტორიული წინსვლა აქვს. ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების მიერ კონტროლირებადია 1150 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი. გენერლის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. კიევის რიცხობრივ მონაცემებს მოსკოვის პროპაგანდისტული მედია მხოლოდ სანახევროდ აღიარებს, ხოლო კრემლის ოფიციალური წარმომადგენლობა, თემაზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს.

დასავლურ სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, CNN წერს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთმა რამდენიმე ათასკაციანი ბრიგადა გადაისროლა. ამერიკელი მაღალჩინოსნები საუბრობენ, რომ რუსეთმა უკრაინაში არსებული დანაყოფების გარდა, კურსკის ოლქში პირადი შემადგენლობა გაგზავნა ლენინგრადისა და კალინინგრადის სამხედრო ოლქებიდან. ამ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან, ვცდილობთ, მეტი გავიგოთ მათი მიზნების შესახებ. უკრაინისადმი ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. ნაბიჯები, რომლებიც თავიდანვე დავსახეთ და ითვალისწინებს ცეცხლსაწინააღმდეგო ქმედებებს სუმის ოლქის ირგვლივ, კვლავ ძალაშია. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული უკრაინის თავდაცვის საკომუნიკაციო ჯგუფის მეშვეობით, ჩვენ ვამარაგებთ უკრაინელებს ყველა საჭირო შეიარაღებით, რაც მათ სჭირდებათ სამხრეთისა და ჩრდილოაღმოსავლეთის რეგიონის ფრონტებზე წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე.

სტრატეგიული მიზნების ნაწილობრივ მიღწევის მიუხედავად, აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინას კვლავ სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება უწევს. რთული ვითარება ნარჩუნდება დონეცკის ოლქში, სადაც რუს სამხედროებს 6 კილომეტრი აშორებთ პოკროვსკის რაიონის ქალაქ მირნოგრადამდე. შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, გართულებულია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

„ვითარება სტაბილურად დაძაბულია. მაგრამ მტერი თანდათან მიიწევს წინ. ახლა ბრძოლის ხაზი ქალაქ მირნოგრადიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ხალხი ტოვებს ქალაქს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს და სიტუაცია მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები აქვთ. თუმცა ბევრიც თავისით მიდის. იმიტომ, რომ მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა, მუდმივად ხდება საარტილერიო დაბომბვა, რომლის ხმა ქალაქის დასახლებაშიც აღწევს“, – თქვა მირნოგრადის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ტრეტიაკმა.

ამავდროულად, ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინის საზღვართან სამხედრო შენაერთებსა და ჯარისკაცების რაოდენობას ზრდის, პარალელურად კი ცდილობს, უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორის როლი შეასრულოს. სახმელეთო ოპერაციის დასაწყისში ის კიევთან ომისთვის ემზადებოდა, ახლა კი პოზიცია შეიცვალა და აცხადებს, რომ რეგიონში კონფლიქტი არავის სურს, გარდა დასავლეთისა.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არც უკრაინელ ხალხს, არც რუსებს და არც ბელარუსებს არ სჭირდება. ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს სჭირდება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.

წინა დღეებთან შედარებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა, თუმცა 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტის კიევის კონტროლქვეშ მოხვედრა და დევნილად ქცეული მოსახლეობა მოსკოვისთვის მაინც დამაფიქრებელ ფაქტორად რჩება. უცნობია, როდის შეიცვლის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ პოზიციას კრემლი ან რა განვითარება ექნება უკრაინულ ოპერაციას მომდევნო დღეებში, მით უფრო დონეცკის ოლქში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ რას გადაწყვეტენ უკრაინის პარტნიორები რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend