სიცილია ევროპის ის ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც გლობალური დათბობის გამო ძალიან დაზარალდა. გვალვა ანადგურებს ადგილობრივ სოფლის მეურნეობას, მდგომარეობას ართულებს სითბური ტალღების შემოტევაც. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი იტალიაში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ ცხოვრობს სიცილიის მოსახლეობა კლიმატის კრიზისის ზღვარზე.
„კლიმატის ცვლილება ძალიან დიდ გავლენას ახდენს სიცილიაზე. აქ 1996 წლიდან ვცხოვრობ და არასოდეს მინახავს არაფერი ამის მსგავსი. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ კლიმატი არ იცვლება. ჩემი აზრით, ამის უარყოფა უკვე შეუძლებელია“, – ამბობს სიცილიელი ფერმერი ჯერარდო დიანა. „მხოლოდ თავის გატანას ვახერხებთ! სამწუხაროდ, გრძელი ზაფხულია და ვშიშობთ, რომ შესაძლოა მცენარეები გახმეს.“
ხანგრძლივის გვალვა
სრულიად გადამხმარ ლანდშაფტს მალე მთელ სიცილიაში ნახავთ. ეს კუნძული უკვე განიცდის გლობალური დათბობის მძიმე დარტყმას, რომლის შედეგადაც აქ გახშირდა გვალვა, ტყის ხანძრები, წყალდიდობები, ჰაერის ტემპერატურა კი სულ უფრო მაღალ რეკორდს ხსნის.
სიცილია, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონია, ყველაზე დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში – ამ რეგიონში კი დათბობა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 20 პროცენტით უფრო სწრაფად მიმდინარეობს. შედეგად სიცილიაში ტემპერატურა წინაინდუსტრიულ ხანასთან შედარებით უკვე გრადუს-ნახევრით (1.5) გაიზარდა – სწორედ ეს არის ის უკიდურესი ზღვარი, რომელმაც ექსტრემალური ამინდის პირობები უნდა შეარბილოს. 2021 წლის ზაფხულში თერმომეტრმა მთელ ევროპაში ოდესმე აღნუსხულ ტემპერატურაზე მეტი აჩვენა – 48.8 გრადუსი.
კატანიის უნივერსიტეტის აგრარული ჰიდრავლიკის ფაკულტეტის პროფესორი ჯუზეპე ჩირელი ფიქრობს, რომ თუ წვიმა ისევ არ მოვა, კლიმატის კრიზისი ყველაფერს მოსრავს:
„ნალექების რუკაზე ვხედავთ განსხვავებას გასულ წელსა და წინა 20 წლის განმავლობაში მოსულ ნალექებს შორის. როგორც ვხედავთ, სიცილიის გარკვეულ ადგილებში, განსაკუთრებით აქ, აღმოსავლეთ სიცილიაში, კატანიის მხარეში, ნალექის მოცულობა 60-70 პროცენტით შემცირდა. გვალვა სიცილიის კლიმატის თანმდევი მოვლენა იყო მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, თუმცა არასოდეს ბოლო 50 წელი არ ყოფილა ნალექის ასეთი დეფიციტი, როგორიც წელს გვაქვს.
გარდა ამისა, გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც გვაქვს წყალგაყვანილობის არაადეკვატური ქსელის გამო, რადგან ძალიან დიდია წყლის დანაკარგი როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის სისტემაში.
მილებში გამდინარე წყლის უმეტესი ნაწილი იკარგება, რადგან მილები ძველია და არ შეუცვლიათ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც დავახშეთ ნიადაგი ზედ ინფრასტრუქტურის აშენებით, გზებით, სახლებით, რომელთაც შეამცირეს ნიადაგის წყლის შეწოვის უნარი“.
წელს დანაკარგი რომ შეამცირონ, სიცილიის ხელისუფლებამ უკვე დაუწესა შეზღუდვები ერთ მილიონ მოსახლეობას 100 მუნიციპალიტეტში. სამხრეთით მდებარე ქალაქ ჯელის მოსახლეობას მხოლოდ სამ დღეში ერთხელ აქვს წყალი. ამის გამო ერთ-ერთი ცოლ-ქმრისა და მათი 6 წლის გოგონას ალისის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. ალისს ძილის დროს სუნთქვის პრობლემა აქვს, რის გამოც მას მუდმივად სჭირდება გარკვეული მოწყობილობის დახმარება.
„ალისის მდგომარეობის გამო ყოველთვის სუფთა და გასტერილებული უნდა მქონდეს ყველაფერი, განსაკუთრებით ის აპარატი, რომელსაც ყოველდღე სჭირდება გაწმენდა,“ – ამბობს ალისის დედა ფლორიანა კალეა. „ამიტომ ძალიან დიდი დისკომფორტი მაქვს, რადგან წყლის ხარჯვა არ მინდა, პირიქით, უნდა დავზოგო.
აქაურ მოსახლეობას ყველას აქვს ავზი. ცოტა არ იყოს, შეზღუდულები ვართ, რადგან პლაჟზეც კი ვერ გავსულვართ სიცხეში, რადგან როცა დაბრუნდები, შხაპი უნდა მიიღო და ქვიშის ჩამობანას ბევრი წყალი სჭირდება. ამიტომაც არ მივდივართ.
ჩვენ, უბნის მოსახლეობასთან ერთად, უკმაყოფილო ვართ, რადგან ასეთი მდგომარეობა ნამდვილად გვიცრუებს იმედს და გვიშლის ნერვებს“.
2024 წლის მაისში ათასობით მოქალაქემ და ფერმერმა გააპროტესტა თავისი მდგომარეობა კუნძულის დედაქალაქ პალერმოში.
იტალიის მთავრობამ სიცილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გვალვასთან ბრძოლისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის. მათ შორის არის პროტესტის მონაწილე მორეალე სალვატორე, ფერმერი, რომელსაც 20 ძროხა ჰყავს და რამდენიმე ჰექტარზე ხორბლის ყანა აქვს.
„როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, უკვე იყო საუბარი სიცილიის გაუდაბნოებაზე“ – განმარტავს მორეალე. „ასე რომ, ეს ამბავი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ამიტომ პოლიტიკოსებს ეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა, რადგან ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ და ეს პრობლემა ადრე უნდა მოეგვარებინათ.
ძალიან დიდი ზიანი მიადგა სილოსს, ასევე ჩვენი მარცვლეულის მოსავლის 95 პროცენტი დავკარგეთ. მაგრამ ყველაზე სერიოზული პრობლემა წყლის დეფიციტია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ტბა. ძალიან კარგი და დიდი ტბა იყო, მაგრამ ახლა თითქმის დაშრა. მოდი, ასე ვთქვათ, რომ თუ მალე არ გაწვიმდება – რადგან წვიმას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა – ჩვენ იძულებული ვიქნებით, საქონელი სასაკლაოზე გავუშვათ, რადგან ვეღარ დავარწყულებთ. არც ის ვიცით, მიწას რა მოვუხერხოთ და რა ვქნათ. თუ წვიმა არ მოვა, აღარ გვინდა ისევ გავრისკოთ და დავთესოთ“.
სიცილია ერთადერთი ადგილი არ არის, რომელსაც კლიმატის კრიზისი შეეხო. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უეცრად მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა ჩრდილოეთი იტალია და ჩინეთი. ტყის ხანძრები მოედო კალიფორნიას. ხოლო სითბურმა ტალღებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საუდის არაბეთში, პაკისტანსა და საბერძნეთში. გარემოსდამცველები გვაფრთხილებენ, რომ იგივე შესაძლოა სიცილიაშიც განმეორდეს, რაც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ელოდება წინ დანარჩენ ევროპას.
ვიოლა სორბელო, ორგანიზაცია Legambiente Catania-ის პრეზიდენტი:
„ჩვენ წლებია კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ და მოვუწოდებდით მთავრობას, რომ რამე გაეკეთებინა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ძალიან გვწყდება გული, როდესაც ვხედავთ, რომ, რასაც ვამბობდით, სწორედ ის ხდება და ადეკვატურ პასუხსაც არ სცემენ. ეს ფენომენი უნდა შეისწავლონ ახლა, რათა მოემზადონ იმისთვის, რაც წყლის დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს იტალიისა და ევროპის დანარჩენ ნაწილში. ასე რომ, თუკი დღეს სიცილიაში მდგომარეობა გამოსწორდება, არსებობს იმედი, რომ მთელ მსოფლიოშიც ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო თუ სიცილიის საქმე ცუდად წავა, ჩვენ მხოლოდ დროს დავკარგავთ, როგორც ახლა ვკარგავთ. შესაბამისად, ჩვენი პლანეტის მომავლის იმედი მცირე იქნება“.
ჯერარდოს ისევ შევხვდი. იგი ყოველ დილით გასცქერის თავის მეურნეობას, სასოწარკვეთილი ელოდება წვიმას და თან იმაზე დარდობს, ივარგებს თუ არა მისი მიწა მომავალ წელს დასამუშავებლად.
„ჩვენ, ფერმერები, ყოველთვის ვამბობთ, რომ მიწა ჩვენი კი არ არის, ჩვენი შვილებისაა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ამ ფერმას ჩვენი ოჯახი შეინარჩუნებს თუ ვინმე სხვას მივყიდით. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რამდენად აქვს მომავალი ამ ფერმასა და ამ მიწას. და ახლა, ამ კლიმატის ცვლილების ფონზე, კიდევ უფრო რთულია მომავალზე ფიქრი“, – ამბობს ჯერარდო.
სიცილიის მუდმივი გვალვის ეფექტი შესაძლოა შერბილდეს, თუკი ერთხელ გამოყენებულ და გადამუშავებული წყალს ხელმეორედ მოიხმარენ და თანამედროვე ირიგაციის სისტემას დანერგავენ. მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელებას წლები დასჭირდება, სიცილიას კი მოცდის დრო აღარ აქვს. თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდა, მისი ტერიტორიის ერთი მესამედი 2030 წლისთვის შესაძლოა უდაბნოდ იქცეს – 2050 წლისთვის კი დასაშვებია, რომ სიცილიის ორ მესამედს ეწიოს იგივე ბედი.
ავტორი: ბრაიან კარტერი