მთავარიგადაცემებითვითმხილველიმასობრივი ტურიზმი ბალეარის კუნძულების მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს

მასობრივი ტურიზმი ბალეარის კუნძულების მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს

ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო ესპანეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონებში საპროტესტო ტალღა აგორდა. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ვალერი გორია ბალეარის კუნძულთა არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულ მალიორკაზე ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ვითარება, გაეგო თუ რატომ აღარ უხარიათ მალიორკელებს ტურისტების გამოჩენა და რატომ უცქერენ მომავალს პესიმისტურად. 

„შინ წადით! წადით სახლში!“ – გააფთრებით ყვირის საცურაო ტრუსებში გამოწყობილი მამაკაცი მალიორკის ერთ-ერთ პოპულარულ პლაჟზე. იგი ერთ-ერთია პლაჟზე საპროტესტოდ გამოსული მალიორკის ადგილობრივი მოსახლეობიდან, რომლებიც იმიტომ მოვიდნენ, რომ დაგმონ მასობრივი ტურიზმის გამანადგურებელი ეფექტი კუნძულზე, რომელიც სულ უფრო იზრდება.

ბალეარის კუნძულებს, ისევე როგორც კანარის კუნძულებს, ბარსელონასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მადრიდსაც  – ერთი სიტყვით  ესპანეთში ტურისტების ამ ყველაზე მიმზიდველ ადგილებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა.

ბალეარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულის მალიორკის მოსახლეობა მილიონიც არ არის. არადა, წელს აქ 20 მილიონ ტურისტს ელოდებიან, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ამ კუნძულისთვის.

“ძალიან დიდი წნეხია ჩვენზე. ბინების ფასი გაიზარდა,“ -ამბობს  იოანა მარია ესტრანი ვალესპირი, მალიორკის მკვიდრი, მოძრაობა “SOS Residents”-ის კოორდინატორი. ყოველდღე ათასობით ადამიანი ჩამოდის საკრუიზო გემით. ყოველ წუთს თვითმფრინავი ჯდება. ახლა მანქანები მიათვალეთ, რამხელა დაბინძურებაა. პლაჟზე გახვალ და ხალხითაა გადაჭედილი, რესტორანში შეხვალ  – ტევა არ არის, ქუჩებიც ხალხითაა სავსე! უბრალოდ იმის თქმა გვინდა, რომ ეს ყველაფერი ყელში ამოგვივიდა!“

„დღეში თითქმის მილიონი კაცი ჩამოდის, ეს აუტანელია!“ – ღელავს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა ქალი სარა სიუდადი.

„ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას, აქედან გაგვაძევებენ, რადგან ყველაფერი იყიდეს! ჩვენი ცხოვრების პირობებს განსაზღვრავს  ის, თუ რამდენად შეგვიძლია გადავიხადოთ ბინის ქირა, რომელმაც უკვე ისე მოიმატა და რომ ახალგაზრდებს უბრალოდ აღარ შეუძლიათ მისი გადახდა მალიორკაზე. ის ნაწილ-ნაწილ იყიდება და კიდევ ამბობენ, რომ მალიორკას ტურიზმი აცოცხლებს? არა, ეს ტურიზმი ცოცხლობს ჩვენით, სისხლს გვწოვს, გვხოცავს!“

ტურიზმი ბალეარის კუნძულების მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს შეადგენს. თუმცა მისგან ეკონომიკურ სარგებელს ყველა ვერ იღებს. პირიქით, მალიორკის სასტუმროთა ქსელების სრული მომსახურების პაკეტები, საბორნე კომპანიები, რომელთა გიგანტური გემები ყოველდღე შედიან კუნძულის დედაქალაქის პალმის პორტში, უარყოფით გავლენას ახდენს გარკვეულ ადგილობრივ ბიზნესებზე.

ბულგარეთიდან ჩამოსული კრისტინა  პარასკოვა უკვე ოცი წელია მალიორკაზე ცხოვრობს. იგი პლამას ცენტრში ღვინის მაღაზიაში მუშაობს და ამბობს, რომ ტურისტების დიდი ნაკადი არ იძლევა დიდ სარგებელს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ.

„აქ ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან. თუმცა მათი მსყიდველუნარიანობა დაბალია,“ – განმარტავს კრისტინა.  „თანაც სულ უფრო მეტია ისეთი სასტუმრო, რომლებიც სრულყოფილ პაკეტებს სთავაზობენ, მატულობს გასაქირავებელი ბინების რიცხვიც. ხალხს ურჩევნია, ბინა აიღოს და თავად მოიმზადოს საჭმელი. ფულს ძირითადად ხარჯავენ სიგარასა და სასმელზე ბარში, ისიც შესაძლოა, რამდენიმემ გაიყოს“.

კრისტინას მაღაზიის მოპირდაპირედ სესილია პენია როსელიოს მდგრადი კონცეფციის მქონე მაღაზია Humus-ი აქვს.

«ტურისტების გამო ადგილობრივ კუნძულელ მომხმარებელს ვკარგავთ, რადგან, როდესაც ქალაქის ცენტრი ხალხითაა გადაჭედილი, არ არის სასიამოვნო საყიდლებზე გარეთ გამოსვლა. ძირითადად ფრენშაიზული სავაჭრო ობიექტებია დარჩენილი, რადგან მხოლოდ ისინი ახერხებენ მთავარ ქუჩაზე თავის გატანას,“ -ამბობს სესილია.

„ქალაქი თვითმყოფადობას კარგავს, რადგან ტრადიციული ვაჭრობა ქრება. თუმცა ჩვენ მაინც ვიბრძვით იმისათვის, რომ გადავრჩეთ და სულით და გულით მირთმეული საქონელი შევთავაზოთ მყიდველს“.

საცხოვრებელი პირობების გაუარესების გარდა, კუნძულელებს ბინების დეფიციტიც ძალიან აწუხებთ. უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა საზოგადოებრივი მომსახურების სექტორის თანამშრომლებს აიძულებს, კუნძული დატოვონ.  მალიორკის ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკაში სამუშაოს უმეტესობა სეზონურია.

სახლი ადგილობრივი მალიორკელებისთვის მიუწვდომელია

ტურისტული ავტობუსის მძღოლის დიეგო ვილას შემოსავალი თვეში 2000 ევროზე მეტია, მაგრამ მას თავის გატანა უჭირს და ამიტომ  სამოგზაურო ტრაილერში ცხოვრობს, რადგან ბინის არც ყიდვა შეუძლია და არც დაქირავება.

“ცხოვრების ერთადერთი გზა, აი, ეს არის, როგორც ვცხოვრობ, რადგან ბინები უცხოელებისთვის შენდება და ფასიც მათზეა მორგებული,“ -ამბობს დიეგო.  „თუ სამშენებლო კომპანია ისეთ ბინას ააშენებს, რომელიც 350 ათასი ევრო ღირს, ამას ესპანელი ვერ იყიდის. აქ პრიორიტეტი ასეთი ტიპის ბინების მშენებლობას ენიჭება, ყველაზე ძვირი ბინების, რომლებიც ჩვეულებრივი ხალხისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მიუწვდომელია. რამდენჯერმე ვიფიქრე, მალიორკიდან წავსულიყავი ასეთი ვითარების გამო.“

დიეგოს ქალიშვილი ფლორიც მის მეზობლად ცხოვრობს. ფლორს  ურჩევნია საკემპინგე ტრაილერში იცხოვროს, ვიდრე ვინმესთან ერთად  იქირაოს ბინა – სწორედ ეს არის ერთადერთი ხელმისაწვდომი საბინაო არჩევანი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დასაქმებულისთვის.

“ამჟამად მიმტანად ვმუშაობ და გაცილებით მეტს ვიღებ, ვიდრე ბევრ სხვა ადგილას ესპანეთში,“ – გვიხსნის ფლორი.  „მაგრამ, ამის მიუხედავად, მარტოს ბინის დაქირავება არ შემიძლია. ასე თავისუფლად, მშვიდად და დამოუკიდებლად, როგორც აქ, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. სხვასთან საზიარო ბინაში ასე შენს ჭკუაზე ვერ იქნები“.

მალიორკის ჭარბი ექსპლუატაცია სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, – ამბობს მუნიციპალიტეტის საბჭოს ყოფილი მემარცხენე წევრი და სოციოლოგი ნეუს ტრუიოლი. იგი ამ ყველაფერს აბრალებს საერთაშორისო სპეკულაციას, რომლის თანამონაწილეც მისი აზრით,  არის კუნძულის ახალი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელთა უმრავლესობა.

“აქ ძალიან მდიდარი ადამიანები და კომპანიები ჩამოდიან ინვესტიციების ჩასადებად, სახლის საყიდლად, რადგან იციან, რომ უძრავი ქონების ფასი ყოველ წელს იზრდება და ამიტომ ასეთი სპეკულაციური ბიზნესი მომგებიანია, ან იმიტომ ყიდულობენ სახლებს, რომ აქ შვებულება გაატარონ,“ –  განმარტავს ნეუს ტრუიოლი.  „მაგრამ სახლებისა და სასურსათო კალათის ფასი, იმის გამო, რომ კუნძულზე ვცხოვრობთ, სადაც სურსათის 80 პროცენტი იმპორტირებულია, იმდენად მაღალია, რომ ოჯახებს ძლივს გააქვთ თავი თვიდან თვემდე. ბოლო წლებში გარკვეული ზომები მიიღეს, რომლებმაც, ერთი მხრივ, აკრძალა პალმაში ტურისტებზე ბინის მიქირავება, რადგან აშკარა იყო, რომ ეს ბინის ფასებს გაზრდიდა. ქალაქში ასევე შეიზღუდა სასტუმროების რაოდენობა, მაგრამ ახლა ყველა ეს ინიციატივა შეჩერებულია“.

მოსახლეობის გულისწყრომის ზრდის საპასუხოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასობრივი ტურიზმის შესაჩერებლად ახალი ზომების გატარების პირობა დადო.

გზა კოლაფსისკენ

მაგრამ ეს საკმარისი არ არის, – ამბობს მალიორკის წამყვანი გარემოსდამცველი ორგანიზაციის GOB-ის პრეზიდენტი მარგალიდა რამისი . მისი აზრით, კლიმატის ცვლილების გამო კუნძულის ეკონომიკური მოდელის რეფორმა და დივერსიფიცირება გადადებას აღარ ექვემდებარება.

„მალიორკის 54 მუნიციპალიტეტის ნახევარი სასმელ წყალს ონკანიდან არ იღებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტს წყალი შეზღუდულად მიეწოდება. წყალი შეუზღუდავად მიეწოდება სასტუმროების სექტორს, რომელიც სულ მცირე ორჯერ და სამჯერ მეტს მოიხმარს ერთ სულ ტურისტზე, ვიდრე ერთი სული მოსახლე,“ – ამბობს მარგალიდა.

„ეკონომიკური პოლიტიკის ორი მთავარი სტრატეგიული საკითხი უნდა იყოს ნოყიერი ნიადაგისა და წყლის რესურსების დაცვა, მაგრამ ასე არ არის. რეალობა ისაა, რომ იგეგმება პალმის აეროპორტის საოპერაციო პოტენციალისა და პალმის პორტის გაფართოება. არსებობს ასევე დეკრეტი, რომელიც ნებას გვაძლევს, გავზარდოთ ტურისტული ადგილების რაოდენობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. აშკარაა, რომ კრახისკენ მივექანებით“.

როგორც გათვლები აჩვენებს,  ესპანეთში ტურისტების ნაკადი 2024 წელს წინა წლებთან შედარებით მაღალი იქნება.

 

ავტორი: ვალერი გორია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend