ვიქტორ ორბანის მიერ კიევში, მოსკოვსა და პეკინში გამართული ე.წ. „სამშვიდობო მისიების” გამო ევროკომისია ბლოკში უნგრეთის თავმჯდომარეობას ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირის წევრი სულ ცოტა 6 ქვეყანა ბუდაპეშტში მინისტრების გაგზავნაზე უარს ამბობს.
ბრიუსელის გადაწყვეტილებით, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე ევროკავშირი კომისრების ნაცვლად მხოლოდ საჯარო მოხელეებს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი ერიკ მამერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა [ურსულა ფონ დერ ლაიენმა] გადაწყვიტა, რომ ევროკომისია უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი“, – წერს ერიკ მამერი.
მისივე ინფორმაციით, გაუქმებულია ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ვიქტორ ორბანის მთავრობის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ.
მათ შორის, უნგრეთის მინისტრი ევროპის საკითხებში იანოს ბოკა წერს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზნებითაა მოტივირებული.
„ევროკავშირი წევრი ქვეყნებისგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ევროკომისია ევროკავშირის ინსტიტუტია. ევროკომისიას არ შეუძლია შერჩევითობის პრინციპით გადაწყვიტოს, თუ რომელ წევრ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებთან სურს თანამშრომლობა. კომისია ყველა გადაწყვეტილებას პოლიტიკური განხილვის საფუძველზე იღებს?“ – აცხადებს იანოს ბოკა.
„უნგრეთი როგორც თავმჯდომარე ქვეყანა რჩება ყველა წევრ სახელმწიფოსა და ინსტიტუტს შორის გულწრფელი თანამშრომლობის ერთგული. ასე რომ, ისინი, რა თქმა უნდა, მოწვეული არიან თავმჯდომარეობის ღონისძიებებზე, საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად და ევროკავშირის საერთო პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, მათ თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამ ღონისძიებებში. თუმცა დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის ჩართულობა იქნება“, – ამბობს მიჰალი ვარგა, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი.
უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი 6 თვით 1-ელ ივლისს ბელგიისგან გადაიბარა. მას შემდეგ ვიქტორ ორბანი უკრაინას, რუსეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთსა და აშშ-ს ეწვია ე.წ. „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში, რომელიც მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინთან გამართული შეხვედრები მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ლიდერებმა, რომელთაც ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ამ ვიზიტების შესახებ გაფრთხილებულები არ ყოფილან და ვიქტორ ორბანი ბლოკის სახელით არ მოქმედებს.
#China is a key power in creating the conditions for #peace in the #RussiaUkraineWar. This is why I came to meet with President Xi in Beijing, just two months after his official visit to Budapest. #HU24EU #peacemission pic.twitter.com/6UcFkb4ynQ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 8, 2024
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ორბანის მთავრობა უარს ამბობს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და ბლოკავს უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას.
ახლა კი, გერმანული გამოცემა BILD-ის თანახმად, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდება.