30 ივნისის კენჭისყრისგან განსხვავებით ულტრამემარჯვენეებმა ლიდერობიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ლე პენი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და მომდევნო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების იმედს გამოთქვამს.
„ჩვენ შევძლებთ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. შესაძლოა, ეს იყოს ერთ წელიწადში. ამ მოცემულობაში საფრანგეთი სრულად აღმოჩნდება პოლიტიკურ ჩიხში, რადგან ეროვნულ ასამბლეაში გვეყოლება სამი პარტია, შედარებით თანაბარი ოდენობით. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგავთ კიდევ ერთ წელს – უკანონო მიგრაციის, მსყიდველობითი უნარის, მზარდი არასტაბილურობისა და დაუცველობის კუთხით. მაგრამ, შესაძლოა, ასეა საჭირო“, – განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა.
საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის სტატუსი კვლავ არ ერგო ჯორდან ბარდელას, რომელმაც ახალბედა ამომრჩევლის გულის მოგება „ტიკტოკზე” წარმართული აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით სცადა.
„დღეს საღამოს, ჩვენი ინსტიტუტების პარალიზებით ემანუელ მაკრონმა არა მხოლოდ უბიძგა ქვეყანას გაუგებრობისა და არასტაბილურობისკენ, არამედ ფრანგებს მრავალი თვით წაართვა ყოველდღიური პრობლემების მოგვარების საშუალება. იმ დროს, როცა დესტაბილიზაცია და გაურკვევლობა მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას და მსყიდველობითუნარიანობის სრული კრიზისი მძვინვარებს, საფრანგეთს წაართვეს უმრავლესობისთვის მისაღები ხელისუფლება, რომელიც თანმიმდევრულად იმოქმედებდა და აღასრულებდა ხალხის ნებას საფრანგეთში სიტუაციის გამოსასწორებლად“, – გამართულ ბრიფინგზე თქვა „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტმა ჯორდან ბარდელამ.
ახალი მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის საჭირო 289 მანდატი ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო. ამ მაჩვენებელთან არც ისე ახლოსაა მემარცხენეთა ალიანსი.
„საკმაოდ მოკლე დროში წარმართული საარჩევნო კამპანიის ბოლოს ჩვენმა ხალხმა პირწმინდად დააფიქსირა საკუთარი ხმა. მივესალმები ათასობით ადამიანის ძალისხმევასა და მობილიზებას, რომლებმაც დაუღალავად იშრომეს ამ შედეგის მისაღწევად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დარჩა კანდიდატად, ვინც მოხსნა კანდიდატურა, ვინც იყო მობილიზებული კარდაკარ და პირისპირ შესახვედრად, ვინც ყველგან არწმუნებდა თითოეულ ადამიანს და ბოლოს, დააფიქსირა ეს შედეგი, რომელსაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. ჩვენ დავინახეთ სამოქალაქო მობილიზაციის უპრეცედენტო მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ზაფხული და შვებულების სეზონია, თუმცა ჩვენმა ხალხმა ნათლად თქვა უარი უარეს სცენარზე. დღეს „ეროვნული ფრონტი“ შორსაა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებისგან. ამიერიდან ხალხის ნება მკაცრად იქნება გათვალისწინებული. ამიერიდან ხედვაში არ გვექნება არანაირი შეთანხმება, ან კომბინაცია. კენჭისყრიდან გამოტანილია დასკვნები. რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი კოალიციის დამარცხება აშკარად დადასტურებულია“, – აღნიშნა არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენე ალიანსის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა.
გამარჯვების მიუხედავად სამ კვირაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური გაერთიანებით საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. გასულ თვეში ემანუელ მაკრონმა ულტრამემარცხენეთა კოალიციის წევრი ზოგიერთი პარტია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათგან მომავალი საფრთხე ისეთივე თანაბარია, როგორც ულტრამემარჯვენეებისგან. გარდა ამისა, ამომრჩევლისთვის ცნობილია მელენშონის შიდაპოლიტიკური გეგმები, რომლებიც მეტწილად მაკრონის შეხედულებებს ეწინააღმდეგება. მათ შორისაა, საპენსიო ასაკის სადავო საკითხი, ასევე სამთავრობო დანახარჯების ზრდა ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და გარემოს დაცვაზე. მოქმედი პრეზიდენტისა და მელენშონის აზრები საგარეო კურსთან დაკავშირებით ემთხვევა, თუმცა არა ყველა კომპონენტში. ულტრამემარცხენეთა ლიდერი ეთანხმება უკრაინის სამხედრო დახმარებასა და რუსული აგრესიის შეჩერებას, თუმცა ომში ფრანგული ჯარის გაგზავნას ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადებას კვლავ არაერთგვაროვანი რეაქციები და საპოლიციო ძალებთან შეტაკებები მოჰყვა საფრანგეთის ქუჩებში.
მთავრობის დემოკრატიულად გადაბარების მიზნით, შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. 8 ივლისს ემანუელ მაკრონმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა და პოსტზე დარჩენა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად სთხოვა, რამდენიმე კვირაში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გათვალისწინებით.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა ფრაქციამ, რომელსაც მე წარმოვადგენდი, წინა კვირებთან შედარებით, სამჯერ უკეთესი შედეგი აჩვენა, მან მაინც ვერ მოიპოვა უმრავლესობა. ასე რომ, რესპუბლიკური ტრადიციებისა და ჩემი პრინციპებისადმი ერთგულების გამო მე მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე“, – საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა გაბრიელ ატალმა.
Être Premier ministre est l’honneur de ma vie.
Le lien que nous avons tissé est ce que j’ai de plus précieux.
Ce soir, la formation politique que j’ai représentée dans cette campagne ne dispose pas d’une majorité.
Fidèle à la tradition républicaine et conformément à mes… pic.twitter.com/DgcbNKoTLE
— Gabriel Attal (@GabrielAttal) July 7, 2024
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ატალის და როგორ შეთანხმდებიან მხარეები ახალ მთავრობასთან დაკავშირებით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჟან-ლუკ მელენშონმა უკვე გამორიცხა ცენტრისტებთან ერთად კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. იმავე პოზიციაზე არიან ლე პენი და ბარდელა. ცნობილია ისიც, რომ საპარლამენტო ქაოსის მიუხედავად, ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო ძალაუფლებას 2027 წლამდე შეინარჩუნებს, ხოლო ისტორიულად, კოალიციური მმართველობის წარუმატებელი გამოცდილებების გამო, სავარაუდოა, რომ ფრანგული გაერთიანების იდეა ახლაც მხოლოდ იდეად დარჩება.
ეროვნული ასამბლეის პირველი სხდომა 18 ივლისსაა ჩანიშნული, ამიტომ საფრანგეთის პოლიტიკურად დაძაბული დღეები ჯერ კიდევ წინაა.