სლოვაკეთში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმავალი მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ავარიის შედეგად, ავტობუსი მძიმედ დაზიანდა და ფაქტობრივად ორად გაიხლიჩა. მატარებელში 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა მათგან საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი მატარებლის წინა მხარეს, თუმცა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. რკინიგზის თანამშრომელთა ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ძლიერ დაზიანდა ავტობუსი, რომელიც ორ ნაწილად გაიყო.
სლოვაკეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსის ლუბომირ სოლაკის თქმით, შემთხვევის ადგილას ჯერ ნოვე-ზამკის, შემდეგ კი შურანისა და ნიტრის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მივიდნენ. ჯამში 30 მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების პარალელურად დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გადატანის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მატარებლის მგზავრები ავტობუსებით სასაზღვრო დასახლება შტუროვოში გადაიყვანეს.