27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ბლოკის ლიდერები უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ… სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ლიდერები ასევე განიხილავენ 2024-2029 წლების სტრატეგიული დღის წესრიგს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს და წარადგენენ ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებს.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შარლ მიშელმა დღეს, 27 ივნისს, ბრიუსელში მოაწერეს ხელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 9 სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.
ევროკავშირი დებს პირობას, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიევს მიაწვდის იარაღს, ჩატარდება სამხედრო წვრთნები, იქნება თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების კუთხით და ა.შ.
In Brussels, together with the President of the European Council Charles Michel and the President of the European Commission Ursula von der Leyen, we signed the Joint Security Commitments between Ukraine and the EU.
The document enshrines the multilateral long-term commitments… pic.twitter.com/9koF7QDEFr
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 27, 2024
ეს შეთანხმება არის მორიგი პაქტი უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის. მსგავსი შეთანხმებები უკრაინას გაფორმებული აქვს 17 სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, იაპონიასა და გერმანიასთან. დღევანდელ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი ესტონეთსა და ლიეტუვასთანაც.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში წერია, რომ მომავალში აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირსა და უკრაინას მოუწევთ 24 საათის განმავლობაში კონსულტაციების გავლა და სამოქმედო ნაბიჯებზე გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე მიღება.
თუმცა ეს არ არის პაქტი ურთიერთდაცვის შესახებ. ეს შეთანხმება ასახავს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური გზებით, მომდევნო რამდენიმე წლის პერსპექტივაში.
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების საკითხს. საუბარია დამატებით 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებაც.
ევროკავშირის ლიდერები ასევე ისაუბრებენ რუსეთის გაყინული აქტივების გადაცემაზეც უკრაინისთვის, ისაუბრებენ უკრაინის ევროინტეგრაციის მომდევნო ნაბიჯებზე, 25 ივნისის გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნის შემდეგ.
სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები მოქმედებს მანამ, სანამ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
,,მაისში, აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმით, პუტინმა ომის მასშტაბების გაფართოება სცადა. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და პარტნიორების წყალობით ჩვენ შევძელით ამ შეტევის შეჩერება. თუმცა ამით დადასტურდა, რომ ომის გამო რუსეთზე არსებული წნეხი საკმარისი არ არის. ამიტომ, პირველ რიგში მსურს სამხედრო დახმარებაზე, არტილერიისა და ჭურვების მიწოდებაზე საუბარი. ყველა ამ პირობის შესრულება არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი, არამედ იმ რუსული ილუზიის დასამსხვრევადაც, რომ თითქოს ომით რამის მიღწევას შეძლებენ.
მჯერა, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანურ ქვეყნებს, საქართველოს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს დროც დადგება. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებები იქნება ბელარუსის შესახებაც. ესეც ევროპული სახელმწიფოა, რომელიც მომავალში გაერთიანებული ევროპის ნაწილი უნდა გახდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ცერემონიაზე.
„ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ უკრაინის დახმარების საკითხზე და ვფიქრობ, ახლა მზად ვართ პოზიტიური განცხადებების გასაკეთებლად. დღეს გვექნება შესაძლებლობა ხელი მოვაწეროთ უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას უკრაინასთან… ვაპირებთ, ვიდგეთ უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უკრაინას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე დღის წინ კი, გავხსენით გაწევრების მოლაპარაკებები. ეს პირადად თქვენი შეუპოვრობისა და უკრაინელი ხალხის პოლიტიკური ნების აღიარებაა. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება. მომდევნო კვირებსა და თვეებში უკრაინა მიიღებს ამ თანხის პირველ ნაწილს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ,,დიდი შვიდეულის” პარტნიორებთანაც, რათა დავამტკიცოთ დამატებით 50 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ რუსეთის არ გვეშინია. ვიცით, რომ როდესაც უკრაინელები საკუთარი მიწის, საკუთარი შვილების მომავლის დასაცავად იბრძვიან, ისინი იცავენ ჩვენს საერთო ღირებულებებსაც – ჩვენს საერთო მისწრაფებას მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისკენ“, – განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის დაწყებამდე.
შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გაკეთებული ყველა წინასწარი ვარაუდი გამართლდა. მოლაპარაკებებში ჩართულმა ექვსმა ევროპელმა ლიდერმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ბლოკის მთავარი თანამდებობების კანდიდატურების შესახებ. ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოსტასა და კაია კალასის კანდიდატურებს წარადგნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების წინაშე. მოსალოდნელია, რომ ლიდერები შეძლებენ ამ სახელებზე შეთანხმებას.
ამ კანდიდატურებს მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან, რომელთაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს ევროპარლამენტის გასულ არჩევნებში. მათ შეძლეს მეტ-ნაკლებად ევროპარლამენტის ძალაუფლების ცენტრის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლა.
თუმცა ევროკავშირის სამმა წამყვანმა ჯგუფმა, „ევროპის სახალხო პარტიამ”, „განაახლე ევროპამ” და „სოციალისტებისა და დემოკრატების ბლოკმა” შეძლო უმრავლესობის შენარჩუნება და მათ შეძლეს საკუთარი კანდიდატურების წინ წამოწევა. ურსულა ფონ დერ ლაიენს საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად ასევე დასჭირდება ევროპარლამენტარების ხმათა უმრავლესობის მოპოვებაც, თუმცა მოსალოდნელია, რომ სწორედ მათ მიერ დასახელებული პირები გაუძღვებიან ბლოკის საქმიანობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
„ვფიქრობ, პრიორიტეტები უკვე გაწერილია. ახლა კი, უნდა შევხედოთ, თუ რომელი პოლიტიკური პარტიები შეძლებენ თანამშრომლობას. ის, რაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში გვჭირდება, პოლიტიკური სტაბილურობა და სწრაფად მოქმედების უნარია. ევროპარლამენტში არის სამი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ. ასე მუშაობს დემოკრატია… სტაბილურობისა და ქმედითუნარიანობის სურვილის მქონე პარტიებისგან იქმნება კოალიციები. სწორედ ამაზე დაყრდნობით დავასახელეთ სამი ძალიან მაღალი დონის პირი. დემოკრატია ასე მუშაობს. ამ სამ ჯგუფს სურს ყველა ევროპელის სასარგებლოდ გაერთიანება“, – ამბობს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო.
დღევანდელი დღის წესრიგით საქართველოს საკითხის განხილვა არ არის გათვალისწინებული. ამის მიუხედავად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ აღნიშნა, რომ შესაძლოა შედგეს მცირე დისკუსია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მან თქვა, რომ იგი ღელავს ევროკავშირში გაწევრების გზასთან დაკავშირებით ბოლო დროის მიღებული გადაწყვეტილებების გამო და ევროკავშირი ელოდება, თუ რას იზამს საქართველოს მთავრობა.
საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ სრულად განსხვავებული გზავნილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მას სამიტის დაწყებამდე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
„საქართველოში საქმეები კარგად მიდის. ევროკავშირში გაწევრების გზაზე ყველაფერი წესრიგშია, საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება… ასე რომ, ვფიქრობ, სწორ გზაზე დგახართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
ევროკავშირის საბჭოს სამიტი ხვალაც გაგრძელდება და მოსალოდნელია, რომ 28 ივნისის სესიაზე მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოზე საუბარს. დღის წესრიგში ვკითხულობთ, რომ განიხილება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება და ევროკავშირის პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე.