მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONუკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესს იწყებენ

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესს იწყებენ

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. 25 ივნისს ლუქსემბურგში ორივე ქვეყნის დელეგაციებთან გაიმართა პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები, სადაც ევროკავშირმა მოლაპარაკებების პროცესის გზამკვლევები წარადგინა. როგორც არაერთმა ევროპელმა ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყება პირველი ნაბიჯია ხანგრძლივი და სირთულეებით, თუმცა ამავდროულად დიდი შესაძლებლობებით სავსე გზაზე. იმისათვის, რომ ქვეყნებმა მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულონ და ბლოკის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, მათ სხვადასხვა სფეროში საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. თითეულ სფეროში თანხვედრის მაჩვენებლის შეფასებისას კი, 27-ივე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო… უკრაინამ და მეზობელმა მოლდოვამ ბლოკში გაწევრებაზე განაცხადები 2022 წელს გააკეთეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მოლაპარაკებების გახსნის შესახებ რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე თვის დასაწყისში გასცა. ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყების აუცილებლობას მანამ, სანამ 2024 წლის ივლისში, როტაციის პრინციპით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციას.

„ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ გაწევრების მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს ისტორიული შედეგია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით, ახლა კი პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია გავმართეთ. აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ ზომას, რაც ევროკავშირთან ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად და უკრაინის გაწევრების ხელშეკრულების შემუშავებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

„დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ, მოლდოვამ, გულმოდგინედ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და ოფიციალურად დაიწყო გაწევრების მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მსურს, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ორივე გუნდის მიმართ, ბრიუსელში და კიშინიოვში, მათ მიერ გაწეული უზარმაზარი შრომისა და ძალისხმევისთვის…

არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვა ითვალისწინებს სისწრაფის აუცილებლობას და რეფორმებს დაჩქარებული წესით ახორციელებს. ჩვენ მიერ შემუშავებული დღის წესრიგი ერთდროულად ამბიციურიცაა და რეალისტურიც“, – განაცხადა დორინ რეჩანმა, მოლდოვის პრემიერმა. 

„ეს შეხვედრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობის დადასტურებაა, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით სულ უფრო და უფრო რელევანტური ხდება… გაწევრების მოლაპარაკებები ტრანსფორმაციული პროცესია და ამას დადებითი გავლენა ექნება უკრაინის საზოგადოებასა და ეკონომიკაზე.

ეს კონფერენცია, რეფორმების გატარების გზაზე მოლდოვის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა. მოლდოვამ შეასრულა გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობები. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვას უწევს უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავებაც“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში. </p

უდავოა, რომ გაწევრების მოლაპარაკებების პროცესის ოფიციალურად დაწყება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა როგორც ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს არის პროცესი, რომელსაც შესაძლოა წლები დასჭირდეს.

საერთო ჯამში უკრაინამ და მოლდოვამ 35 სხვადასხვა სფეროში უნდა გაზარდონ ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრის მაჩვენებელი. ეს არის ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სატრანსპორტო პოლიტიკა და მრავალი სხვა. მათ შორისაა, თავდაცვაც. მოლაპარაკებების პროცესში მყოფ კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის განცხადებებს და ბლოკის მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა თუ სანქციებს, საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა კორუფციასთან ბრძოლა ორივე ქვეყნის შემთხვევაში.

მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის მიღწეული პროგრესი თითოეულ სფეროში უნდა წარუდგინოს კომისიამ წევრ ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ შეაფასებენ, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია თანხვედრის დონე.

საბოლოოდ თითოეულ სფეროზე აუცილებელია 27-ივე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა იმისათვის, რომ დახურულად ჩაითვალოს თითოეული ეტაპი. რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა მოლაპარაკებების პროცესის შეყოვნების ან გაწელვის. ამ მხრივ სავარაუდოდ პრობლემური იქნება უნგრეთის პოზიციები.

პროცედურა ოდნავ განსხვავებულია 23-ე და 24-ე თავების მიმართ, იურიდიული და ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ. ამ შემთხვევაში კომისიამ წარადგინა წინადადება, რომ მომავალში ეს თავები სამოქმედო გეგმების საფუძველზე გაიხსნას, სადაც აუცილებელი იქნება შუალედური კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც.

უკრაინის შემთხვევაში გაწევრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება.

თუმცა, ამავდროულად, მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, ეს არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის დადასტურება უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე მკაფიო გზავნილი პუტინის მიმართ, რომ ევროკავშირი არ დათმობს და რუსეთს არ მისცემს გავლენის სფეროს გაფართოების საშუალებას.

წლების მანძილზე ვიქტორ ორბანთან მეტ-ნაკლებად რბილი მიდგომის შემდეგ ბრიუსელში საუბრობენ ე.წ. ,,ბირთვულ გამოსავალზე’’, ანუ მე-7 მუხლის ამოქმედებაზე, რაც გულისხმობს ბუდაპეშტის გამოთიშვას კენჭისყრის პროცესიდან.

ეს არის ევროკავშირში ყველაზე მკაცრი პოლიტიკური სანქცია, რომელიც წევრი ქვეყნის მიმართ შეიძლება ამოქმედდეს.

როდესაც საქმე ეხება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, თუ უკრაინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის პაკეტების დაწესებას, ვიქტორ ორბანი არაერთხელ ყოფილა დაბრკოლება კონსენსუსის მიღწევის გზაზე.

მოლაპარაკებების გახსნის შემდეგაც ვიქტორ ორბანის მთავრობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის, რომ მას არ შეუსრულებია წინაპირობები და მათ განსაკუთრებით აღელვებთ უნგრული უმცირესობის მდგომარეობა უკრაინაში.

ამიტომ, მოსალოდნელია, რომ გაწევრების მოლაპარაკებების პროცესში უნგრეთი კვლავ იქნება შემაყოვნებელი ფაქტორი.

რაც შეეხება მე-7 მუხლის ამოქმედებას, ეს ნაკლებად სავარაუდოა, ამაზე კონსენსუსი არ არის ევროკავშირში და ევროპელი ლიდერები დიდი ალბათობით ამ წინააღმდეგობის გადალახვას დიპლომატიური გზებით შეეცდებიან, როგორც ამას აკეთებდნენ ფინანსური დახმარების დამტკიცების დროს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend