ბალტიის ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი 20 ქვეყნიდან 9000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
სამხედროების გადამზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა. წვრთნები საზღვაო ნაღმების განეიტრალებას, წყალქვეშა ნავების აღმოჩენას, ნაპირზე გადასხმასა და სამედიცინო რეაგირების სწავლებას მოიცავს.
შვედეთის გოტლანდის პოლკის მეთაური პოლკოვნიკი დენ რასმუსენი ამბობს, რომ შვედეთი წლების განმავლობაში მონაწილეობდა BALTOP-ის წვრთნებში. მისი თქმით, სხვა ქვეყნის ჯარებიც ჩამოსულან აქ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შვედეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ამერიკელ და პოლონელ სამხედროებთან ერთად გადის BALTOP-ის ფარგლებში სწავლებას.
სამხედრო წვრთნების მიზანია ნატოს ძალებთან თავსებადობის გაძლიერება და მოკავშირეების უსაფრთხოების დემონსტრირება. ბალტიის ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არეალია, რადგან სწორედ ამ გზით გადის რუსეთიდან მომავალი მილსადენები ევროპის ქვეყნებში.