ისრაელის ჯარების მორიგი იერიშის გამო, პალესტინელები იძულებული გახდნენ, სამხრეთ ღაზიდან რაფაჰში გაქცეულიყვნენ.
18 ივნისის ღამით ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ღაზის განვითარების სამინისტროს კუთვნილ საწყობზე. ადგილობრივების თქმით, საწყობის გვერდით მყოფ ლტოლვილების კარვებს ცეცხლი მოედო.
„აფეთქების ხმა გავიგეთ. კარვებიდან გარეთ გამოვცვივდით. ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ბავშვის საწოლიც კი. რკინებსაც ცეცხლი ეკიდა. ყველაფერი განადგურდა და დაიწვა, აღარაფერი დარჩა“, – ამბობს ადგილობრივი ფატიმა იბრაჰემი.
პალესტინის მედიის ინფორმაციით, 18 ივნისის ღამით მომხდარი იერიშის შედეგად, ხუთი პალესტინელი დაიღუპა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის იერიშებს 24 პალესტინელი ემსხვერპლა.
მუჰამედი ერთ-ერთია, რომელიც 18 ივნისს მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალდა.
„ღამის პირველი საათი იყო. გვეძინა. უეცრად ყვირილის ხმა გავიგეთ, სირბილით გარეთ გამოვცვივდით, ბავშვები გამოვიყვანეთ. ჩვენ წინ ცეცხლი იყო, ძალიან დიდი ცეცხლი. ისმოდა სროლის ხმაც. ხალხმა ყვირილი და ქუჩაში სირბილი დაიწყო“, – ამბობს მუჰამედ აბუ ჰასერა.
მუჰამედის თქმით, მას და მის ოჯახს იძულებით გადაადგილება 7-ჯერ მოუწიათ.
„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი ან ეს დევნა? უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როცა იძულებით ვტოვებთ ტერიტორიას. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ლტოლვილები ვართ. ჩვენ ხან-იუნისის აღმოსავლეთიდან ვართ. პირველივე დღეებში ჯერ ხან-იუნისში გადავედით, შემდეგ ალ-მავასიში, მერე რაფაჰში, მერე ისევ ხან-იუნისში, ახლა ისევ აღმოსავლეთში დაბრუნება მოგვიწევს. ჩვენ იქ დავიხოცებით. დავსახლდებით და არ დავტოვებთ იქაურობას. ეს არ არის სიცოცხლე. რაც აქ ღამით მოხდა, უბედურებაა. იმ კარვებზე მიიტანეს იერიში, სადაც ბავშვებიც ცხოვრობენ. ოთხი ქალია დაშავებული“, – ამბობს მუჰამედ კუდე.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად 37,000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 85,000-ზე მეტი კი დაშავდა. ისრაელის მხარის ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე 1200 ისრაელელი ემსხვერპლა. 250-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კი ტყვედ აიყვანეს.