სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშის მოსმენა პარლამენტის სხდომაზე ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოხსენების პირველი ნაწილისას სხდომა ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სახელმწიფო საიდუმლოებებიდან გამომდინარე დაიხურა. სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლების ანგარიშის მსგავსად, წელსაც ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა თუ გარე საფრთხეებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად იდენტური საკითხები დაასახელა. მთავარ გამოწვევად სუსი რუსეთის ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ანექსიის ფაქტებს მიიჩნევს, კერძოდ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას, ასევე ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში რუსეთის სამხედრო გემებისთვის პორტის აშენებას. გამოწვევად დასახელდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება, გატაცება, წამება და ე.წ. ბორდერიზაცია. ამის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა სხვა საფრთხეებზეც ისაუბრა, როგორებიცაა: რბილი ძალები და მათი საქმიანობა, უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენა და კონტროლი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების აღკვეთა და კონტრტერორისტული საქმიანობა. სუსის ხელმძღვანელს კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ე.წ. რბილი ძალის ინტერესების გამტარებლები, ან მისივე თქმით, ვერ შემდგარი სახელმწიფო გადატრიალების სავარაუდო მომწყობები.
„ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა. საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური.
საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოს ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიციირების მიზნით.
ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს, რაც ეფექტურად აღიკვეთა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები იწონებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასულ წელს გაწეულ საქმიანობას და უწყების ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ან კითხვები არ აქვთ.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და რამდენიმე დეპუტატის გარდა სხდომას მათი უმრავლესობა არ დაესწრო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, სუსის ეს ანგარიში მათთვის ცნობილია და ეს არის მხოლოდ ზედაპირული მოხსენება, ხოლო მისი დეტალები გასაიდუმლოებულია. ასევე მათი განცხადებით, სუსი მკვეთრად პოლიტიზებული ორგანოა და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მათივე თქმით, სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავდნენ.
სუსის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზეც განიხილეს. ამ კომიტეტებზე მომხსენებლის რანგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი იყო.
ალეკო გვეტაძე