ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტაციის გაყალბების გამო დამნაშავედ ცნო.
სისხლის სამართლის მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ, სანამ განაჩენს გამოიტანდნენ, საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ.
ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.
ტრამპს ბრალი გასული წლის მარტში წაუყენეს. როგორც ცნობილია, ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ ქალს, სტორმი დენიელსს გაჩუმების მიზნით 130 000 დოლარი გადაუხადა.
“ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. მე უდანაშაულო ვარ. არა უშავს. მე ვიბრძვი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვიბრძვი ჩვენი კონსტიტუციისთვის. ახლა მთელ ჩვენს ქვეყანას აყალბებენ. ამას ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკური ოპონენტისთვის ზიანის მიყენების მიზნით აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
თუმცა მანჰეტენის ოლქის პროკურორის თქმით, ერთადერთი ხმა, რომელიც მნიშვნელოვანია, ნაფიც მსაჯულთა ხმაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებული შემთხვევაა და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტია, ჩვენ მაინც მივედით ამ სასამართლო პროცესამდე და საბოლოოდ – ამ განაჩენამდე. ჩვენ ყველა საქმეს, რომელიც სასამართლო დარბაზის კარამდე აღწევს, ფაქტებისა და კანონის დაცვით და შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე ვაწარმოებთ”, – განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგმა.
მას შემდეგ, რაც ტრამპი დამნაშავედ ცნეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“.
რაც შეეხება განაჩენის აღსრულების ნაწილს, 11 ივლისს გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე. ჯერჯერობით უცნობია, რა ემუქრება ყოფილ პრეზიდენტს: პატიმრობა, პირობითი სასჯელი თუ ჯარიმის გადახდა.