ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა გადახედონ უკრაინაში იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
ამის შესახებ მან ბულგარეთში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება.
,,ვფიქრობ, დადგა დრო, განვიხილოთ ზოგიერთი შეზღუდვა. ზოგიერთმა მოკავშირემ გააუქმა რეგულაციები. ვფიქრობ, ახლა მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხზე, რადგან ამ შეზღუდვებით უკრაინელებს უმცირდებათ შესაძლებლობები, დაიცვან თავი“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს წევრი სახელმწიფოები კი მსჯელობენ, მიაწოდონ თუ არა უკრაინას უფრო მეტი შეიარაღება.
მძლავრი იარაღის გადაცემამ, რომელსაც შეუძლია დარტყმა მიაყენოს რუსეთის სამიზნეებს, შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია და ევროპა უფრო ფართო ომში ჩართოს. თუმცა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას სჭირდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, რათა გაუმკლავდეს უფრო დიდ, უკეთ შეიარაღებულ და რესურსებით აღჭურვილ მოწინააღმდეგეს.