აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.
„დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას“, – ასეთი ჩანაწერით გავრცელდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ.
„ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ! ასეთ ვითარებაში სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს.
ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიციირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.
მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, – აცხადებს “ქართული ოცნება“.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება მიმართულია საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და არა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მათი განცხადებით, ამერიკა არა ქართველი ხალხის, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მომართული ხელისუფლების წევრების მიმართ აპირებს მკაცრ მოქმედებას.
„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან. გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” -აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
პარლამენტში ორშაბათს, 27 მაისს, ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოური გამჭვირვალობის კანონზე დადებული ვეტოს დაძლევის საკითხზე იმსჯელებენ. ხოლო სავარაუდოდ სამშაბათს, 28 მაისის, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის ვეტოს დაძლევას.
ალეკო გვეტაძე