სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტა

გაეროში სრებრენიცასთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების მიერ მოკლულთა დედებმა დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კენჭს სრებრენიცას გენოციდის მოსაგონებლად ყოველწლიური დღის დაწესებას უყრიან.

სრებრენიცას გენოციდის მემორიალური ცენტრი, ბოსნია, 22 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Armin Durgut

სრებრენიცას ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, ბოსნიელმა სერბებმა 8000 ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს.

სრებრენიცა, ბოსნია, 24 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Armin Durgut

დაღუპულთათვის პატივის მისაგებად შეკრებილთა შორის იყო მუნირა სუბაშჩი, ქალი, რომელმაც 1995 წელს სრებრენიცაში გენოციდის დროს მეუღლე და შვილი დაკარგა „გაეროს რეზოლუცია ბევრს ნიშნავს. ეს მოვლენის სწორი შეფასება იქნება. ეს რეზოლუცია დედებზე მეტად სჭირდებათ მათ, ვინც სიცრუეში ცხოვრობს. მათ სიმართლე არ იციან. ვგულისხმობ სერბსკას რესპუბლიკას, სერბეთს და ყველას, ვინც ამ გენოციდს უარყოფს. ომის დამნაშავეების განდიდებას ვეღარ შეძლებენ. ამიტომ, ხვალ სრებრენცას დედებისთვის ისტორიული დღეა“.

სრებრენიცას გენოციდს ემსხვერპლა ნურა ბეგოვიჩის ოჯახის რამდენიმე წევრიც: „ჩვენ იმ ადგილზე ვდგავართ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი გენოციდი მოხდა. ამიტომ ხვალ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ველით. ველით გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ, დაღუპულთა ოჯახებს გვეტყვის, რომ სამართლიანობა და ადამიანობა არსებობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს, მსოფლიოში აღარავის შეემთხვევა“.

გენოციდს ემსხვერპლა მეჯრა ძოგაზის სამი ვაჟი, ქმარი და შვილიშვილიც: „ჩემს სამ შვილს, ქმარსა და შვილიშვილს ვერასდროს დავიბრუნებ, ხუთი კაცი მხოლოდ ჩემი ოჯახიდან დაიღუპა. მათ ვერ დამიბრუნებენ. ეს ლაქა სერბებზე სამუდამოდ დარჩება“.

დედებს თან ახლდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ნუსრათ ღანი და ბრიტანეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჯულიან რეილი.

დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ ღანი და ბრიტანეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჯულიან რეილი.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ ღანი მემორიალურ ცენტრში, ბოსნია, 22 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Armin Durgut

„ხვალ გაეროში რეზოლუციას უყრიან კენჭს და მე ამას მოუთმენლად ველი. ველი, რომ რეზოლუციას მიიღებენ და მომხდარის აღიარება სამართლიანობისა და შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ნუსრათ ღანიმ.

1990-იანი წლების დასაწყისში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ეთნონაციონალიზმმა ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობა და მტრული განწყობა გააღვივა. ბოსნიელი სერბები ქვეყნის სხვა ძირითად ეთნიკურ მოსახლეობას, ხორვატებს და მუსლიმან ბოსნიელებს დაუპირისპირდნენ. სრებრენიცას გენოციდი ომის სისხლიანი კულმინაცია იყო. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ჩადენილ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულად ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend