მთავარიგადაცემებიSmart Regionsრამდენად გადაჭრის ახალი სკანერი კანის კიბოს დიაგნოსტიკის პრობლემას?

რამდენად გადაჭრის ახალი სკანერი კანის კიბოს დიაგნოსტიკის პრობლემას?

მელანომა კანის კიბოს ყველაზე საშიში დაავადებაა და, მართალია, ამ დიაგნოზის მქონე  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ იმატა, მაგრამ მისი ბოლო ფაზაში გამოვლენა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. თუმცა ლატვიელი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი აპარატი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას აპირებს.

ევროპაში ყოველდღიურად იზრდება კიბოს დაავადების შემთხვევების რაოდენობა. ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, ევროპაში კიბოს ყველაზე  გავრცელებულ  ტიპებს შორის მეექვსე ადგილს კანის მელანომა იკავებს.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს, რომ კიბოს ადრეული ფაზის დიაგნოზირება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს.

ამ ახალი პორტატიული აპარატის საშუალებით  GPs-ს რუტინული სკრინინგის ჩატარება შეუძლია.

“მელანომის ბოლო ფაზაში გადარჩენის შანსი 5 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ, როცა პირველ ფაზაში მკურნალობა, ფაქტობრივად, 100 პროცენტით არის შესაძლებელი,“ – ამბობს ემილია ვია პლორინია, ლატვიის უნივერსიტეტის ატომური ფიზიკისა და სპექტროსკოპიის ინსტიტუტის დოქტორანტი.

ლატვიის უნივერსიტეტში მკვლევრებმა შექმნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ფერის სინათლის საშუალებით ადგენს, ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი კანის დაზიანება.

“წითელი, ყვითელი თუ მწვანე სინათლე კანზე სხვადასხვანაირად აისახება, რადგან კანი შეიცავს სისხლსა და მელანინს, სხვადასხვა ქრომოფორს, რაც განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა“, – ამბობს დოქტორი ილზე ლიჰაჩოვა, ლატვიის უნივერსიტეტის ატომური ფიზიკისა და სპექტროსკოპიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი.

ლატვიის უნივერსიტეტის ატომური ფიზიკისა და სპექტროსკოპიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი დოქტორი ილზე ლიჰაჩოვა, – Euronews

ხალის მსგავსი გამონაზარდის სკანირება უმტკივნეულო პროცესია, რადგან სინათლის მეშვეობით 5 მილიმეტრის სიღრმეზე შედიან კანქვეშ. მიღებულ გამოსახულებას ანალიზისთვის ხელოვნურ ალგორითმს უგზავნიან, ხოლო ანალიზის შედეგი ე.წ. ღრუბლის ტექნოლოგიურ სისტემაში წამებში აისახება. კვლევის მოხალისე მონაწილე ვალცი თავს კარგად გრძნობს.

ეს გამოსახულება კი აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია მელანომა.

ემილია ვია პლორინია, ლატვიის უნივერსიტეტის ატომური ფიზიკისა და სპექტროსკოპიის ინსტიტუტის დოქტორანტი:

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოცულობა მომატებულია ამ წითელი და ყვითელი ფერის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ მელანომა ამ ადგილზე იზრდება“.

მოხალისე პაციენტ ვალცს, რომელსაც ურჩიეს, რომ დერმატოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეჩვენოს, ახალი სკანერის ტესტირება მოსწონს.

“თუ ჩემს სხეულზე რომელიმე ხალი მაფიქრებს, შემიძლია სწრაფად გავიგო, რამდენად ღირს ამაზე ნერვიულობა თუ უბრალოდ დერმატოლოგს მივაკითხო კონსულტაციისთვის“, – ამბობს ვალცი.

რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში მკვლევრებმა შექმნეს აპარატურა და კომპიუტერული პროცესირების სისტემა. ეს მოწყობილობა უკვე კანის 4 ათას გამონაზარდზე გამოიყენეს ზედმიწევნითი სიზუსტით.

“დერმატოლოგები კვლევის მიზნით პაციენტის კანის ანათალს იღებენ, რაც საკმაოდ სარისკოა პაციენტისთვის და შემდეგ მას მიკროსკოპით სწავლობენ და ასე აკეთებენ დასკვნას. ჩვენ შევადარეთ ეს მეთოდი ჩვენს აპარატს და გაირკვა, რომ მელანომის შემთხვევების 95 პროცენტი ჩვენმა აპარატმა დაადგინა,“ – განმარტავს დოქტორი დმიტრის ბლიზნუქსი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი კომპიუტერული სისტემების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და წამყვანი სპეციალისტი.

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი კომპიუტერული სისტემების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი დმიტრის ბლიზნუქსი – Euronews

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 645,000 ევროა, საიდანაც 85 პროცენტს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, 7.5 პროცენტს ლატვიის მთავრობა ფარავს, დანარჩენს კი  –  ორივე უნივერსიტეტი.

არსებობს იმედი, რომ   რიგაში შექმნილი ტექნოლოგია  სამომავლოდ კიბოს სხვა სახეობებსა და  იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკასაც შეძლებს, რითაც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend