მთავარისაქართველოAmnesty International-ის ანგარიში საქართველოს შესახებ

Amnesty International-ის ანგარიში საქართველოს შესახებ

ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International 2023 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ წერს, რომ მმართველი პარტია აგრძელებდა ძალაუფლების გამყარებას, თავისუფლებების შეზღუდვასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას სხვადასხვა ქმედებით. სწორედ ამ კონტექსტში ნახსენებია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტში პირველად სწორედ 2023 წელს დაარეგისტრირეს. ამავე დასკვნაში საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში და წერია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება სულ უფრო მეტად იზღუდებოდა, განსაკუთრებით მარტის ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ.

„გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა. სამართალდამცავი უწყებები გაუმართლებლად იყენებდნენ გადაჭარბებულ ძალას მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა გრძელდებოდა. პოლიციამ ვერ შეძლო, სათანადოდ უზრუნველეყო პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხოება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში საუბარია მედიის უფლებებზე და წერია, რომ პარლამენტში ჟურნალისტთა ახალი ქცევის წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის წევრების თანხმობა სჭირდებათ მათგან ინტერვიუს ასაღებად. Amnesty International წერს, რომ პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ექვს ჟურნალისტს, რითაც მათ, სავარაუდოდ, კრიტიკული კითხვებისთვის სამაგიერო გადაუხადეს.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შეკრების თავისუფლებაზეც არის საუბარი, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად და გაუმართლებლად იყენებდა არაპროპორციულ ძალას მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად.

„17 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც შეკრების თავისუფლებაზე არასათანადო შეზღუდვა წესდებოდა, რადგან მანიფესტანტებს აეკრძალებოდათ ისეთი „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა, რომლებიც არ მიიჩნეოდა „არსებითად“ მანიფესტაციის ჩატარებისთვის. ამის საპირისპიროდ მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს და ასევე ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს პრაიდის ღონისძიებებზე, ძირითადად დაუსჯელები რჩებოდნენ და პოლიცია მათ ძალადობის ჩადენაში ხელს არ უშლიდა“, – წერია დოკუმენტში.

ლგბტქ+ თემის უფლებებზე Amnesty International წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდაჭერებმა ანტილგბტ პროპაგანდა გააძლიერეს, ხოლო პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქციების სათანადოდ დაცვა მოძალადე დემონსტრანტებისგან.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, უფლებადაცვითი ავტორიტეტიანი ორგანიზაციის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფემიციდი და გენდერული ძალადობის სხვა ფორმები გავრცელებულ მოვლენად რჩებოდა.

„ჩვეულ მოვლენად რჩებოდა პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა, რაც დასტურდება გაეროს ახალი კვლევით, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ ეს პრობლემა მისი გავრცელების და სიმწვავის მიუხედავად ვერ აღმოფხვრა. ქალები პოლიტიკაში კვლავ სექსისტური და მიზოგინიური კომენტარებისა და გენდერული დისკრიმინაციის სამიზნეებად რჩებოდნენ პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წამყვანი წევრების მხრიდან“, – წერია 2023 წლის შესახებ ანგარიშში.

Amnesty International-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სისტემა ადგილობრივი არასამთავრობოების შეფასებით, კვლავ ლეგიტიმურობისა და ნდობის კრიზისს განიცდიდა, რადგან შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა შეშფოთების საგნად რჩებოდა. ამ ანგარიშში მოხვდა დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ ინფორმაციაც, რომლებსაც აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სასამართლო სისტემისთვის ზიანის მიყენების გამო დაუწესა სანქციები.

Amnesty International საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც წერს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ციხეებში, სადაც მსჯავრს საქართველოს მოქალაქეებიც იხდიან. ანგარიშში მოხვდა გალის მკვიდრის, ირაკლი ბებუას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. დროში დაწვის გამო 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე ამ ანგარიშში მოხვდა თამაზ გინტური მკვლელობის საქმე, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ღრმავდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება და ძლიერდებოდა სახალხო პროტესტი, რადგან მზარდი კავშირები რუსეთთან და ანტიდასავლური რიტორიკის მატება სულ უფრო მეტ ეჭვს აჩენდა ევროკავშირის წევრობისადმი ქვეყნის ხელისუფლების ერთგულების თაობაზე.

„ნოემბერში ევროკომისიამ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერაზე დაყრდნობით გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ოღონდ გარკვეული პირობებით, რომელთა შორისაც პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება იყო. ეს სტატუსი ქვეყანამ დეკემბერში მიიღო“, – წერია დოკუმენტში.

Amnesty International-ის ანგარიშში გარემოსდაცვითი საკითხიც მოხვდა. ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია“ გამოაქვეყნა 2050 წლისთვის „კლიმატ-ნეიტრალურობის“ მისაღწევად. დარგის ექსპერტების შეფასებით, ეს სტრატეგია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების კუთხით.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend