ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა, ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს შორის თეთრ სახლში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას, დაუყოვნებლივ მიიღონ სენატის მიერ მიღებული დამატებითი დაფინანსების პაკეტი უკრაინისა და ისრაელისთვის.
„ჩვენ ერთად ვდგავართ – და ვერ გეტყვით, რამდენად ვაფასებთ თქვენს გულწრფელობას და ჩეხეთის რესპუბლიკის ხალხის მხარდაჭერას უკრაინის ხალხის მიმართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დახმარებისთვის, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ დაეხმარეთ უკრაინისთვის 1 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის უზრუნველყოფაში. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ჩვენი წილი. მაგრამ კონგრესმა უნდა მიიღოს გრძელვადიანი დაფინანსების პაკეტი. მათ ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ. აბსოლუტური მხარდაჭერაა პალატასა და სენატში, ამ ხალხს უბრალოდ ხმის მიცემის საშუალებას უნდა მისცენ. რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება, პუტინი გააგრძელებს საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას და რისკის ქვეშ დააყენებს ევროპას, შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ვიზიტს წინ უძღოდა ჩეხეთის მთავრობის განცხადება, რომ ის უკრაინაში აგზავნის ერთ მილიონ ერთეულ საარტილერიო საბრძოლო ჭურვს.
“ჩვენ ვართ პარტნიორები ნატოში და ერთად ვმუშაობთ თავდაცვასა და ბიზნესში, რაც მთავარია ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს: ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა რუსული აგრესია უკრაინაში, ტერორიზმი და ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. ასეთ ვითარებაში აუცილებელია დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ღრმა თანამშრომლობა. ბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ასევე ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად და პუტინის აგრესიის შესაჩერებლად“, – თქვა პეტრ ფიალამ.
ფიალამ ჟურნალისტებს განუცხადა ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, რომ სამშაბათს შეხვდება კონგრესის დეპუტატებს კაპიტოლიუმზე, რათა განიხილონ უკრაინის დახმარების პაკეტი.