ფინეთში, ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული ეჭვმიტანილი ასევე 12 წლისაა. პოლიციის ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ჩამოართვა.
ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მოტივი. საგამოძიებო სამსახურები ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ამ სკოლაში 7-იდან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს.