საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა იმ ზომებზე, რომელთა გატარებაც მისივე თქმით, აუცილებელია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გასამარტივებლად.
„მოლდოვამ არჩევნები ჩაატარა და არჩევნებისთვის 150 საარჩევნო უბანი გახსნა. ჩვენ ყოველთვის პრეტენზია გვაქვს, რომ თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ, ჩვენც შეგვიძლია! რატომ ვამბობთ, რომ ამის რესურსი არ გაგვაჩნია?! ცესკოსგან მოვისმინე, რომ რა რესურსიც იქნება საჭირო, რათა დამატებითი უბნები გაიხსნას, გაგვაჩნია და თუ საგარეოსგან პირობას მივიღებთ, შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზე. ამიტომ ვამბობ, რომ დაწყებულია ერთგვარი პინგპონგი! დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, საარჩევნოდ დათმონ სივრცეები, რაც სხვადასხვა ქალაქში არსებობს. ეს სივრცეები არის ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები, რასაც დიასპორული ორგანიზაციები იყენებენ, ან იმუშაონ იმისთვის, რომ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ასეთი სივრცეები მოვიპოვოთ. არსებობს მოლდოვას მაგალითი, როცა პარტნიორი ქვეყნები გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, გამოსავალი ბევრია! მთავარია ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებს და ამით პასუხისმგებლობას იხსნის, რაც მისივე განცხადებით, პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზია.
„მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ჩვენ შევუწყოთ ხელი. გასაგებია, რომ ყველგან და ყველა ადგილას, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ალბათ უბნების გახსნის შესაძლებლობა არ იქნება, მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი, რათა რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დიასპორის, გაიხსნას საარჩევნო უბნები”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.