დილით ადრე დგები. საუზმეს ამზადებ. ბავშვებს აღვიძებ, რომ სკოლისთვის მოამზადო. რუტინულად შრომობ: ჭურჭელი… სარეცხი… სადილი… მუშაობ, თუმცა ეს შრომა არ ანაზღაურდება. შინ შრომის პასუხისმგებლობა უმეტესად ქალებს ეკისრებათ. ქალთა უფლებადამცველების თქმით, ეს ტვირთი საქართველოში მამაკაცებზე თითქმის არ ნაწილდება.
„მთელი დღე სახლში ხარ და რამ დაგღალა?!“ არის ყველაზე მავნებლური წინადადება, რომელიც შეიძლება ადამიანს უთხრა. ეს არის ადამიანის მიერ გაწეული შრომის უარყოფა. ამით ამბობ, რომ შინ შრომა არ არსებობს. თითქოს, რაღაც უხილავი ხელი მოძრაობს. თითქოს, ეს ხელი იცავს სისუფთავეს, ამზადებს საკვებს. ასე არ არის. საკვებს ცოცხალი ადამიანი ამზადებს. ამას ფიზიკური და ემოციური რესურსი სჭირდება. სისუფთავეს ინარჩუნებს ქალი. ეს უხილაობა იმიტომ შემოდის, რომ ამ შრომას მონეტიზებული ხასიათი არ აქვს. ის ფინანსურად ვერავინ დააფასა”, – ამბობს ქალთა უფლებადამცველი გვანცა ხონელიძე.
აუნაზღაურებელი შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება საქართველოში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიურად ჩართვას მნიშვნელოვნად ართულებს. ქალებს საშინაო შრომის პასუხისმგებლობა არაპროპორციულად ეკისრებათ, რადგან ამ საქმეს მამაკაცებთან შედარებით სამჯერ მეტ დროს უთმობენ.
„ალბათ, ცოტა თუ დაუკვირდება იმას, თუ რა ინტენსივობით მუშაობს ქალი სახლში. ზოგადად, ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს იმაზე, სახლში შრომა რამდენად არის სახელდებული, როგორც ღირებულების მატარებელი შრომა. წლების წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დათვალა სახლში გაწეული შრომის ღირებულება. ეს შეგვიძლია დავანაწილოთ შემდეგნაირად: ბავშვების აღზრდა, მოვლა, მოხუცებზე ზრუნვა, სისუფთავის დაცვა, საკვების მომზადება. ყველა ჩამოთვლილის და ამასთან, ემოციური შრომის მონეტიზება რომ მოვახდინოთ და ამ სამუშაოს შესრულებისთვის ადამიანი დავიქირაოთ, თვეში დაახლოებით 2000 ლარზე მეტის ღირებულების იქნება“, – აღნიშნავს გვანცა ხონელიძე.
აუნაზღაურებელი შრომის ყველაზე გავრცელებული სახეებია: საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე, ავადმყოფებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე ზრუნვა. კვლევის მიხედვით, აუნაზღაურებელ შრომას ქალები კვირაში დაახლოებით 38 საათს, მამაკაცები კი 11 საათს უთმობენ.
ქალთა უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ შინ შრომასთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ მიდგომასთან ბრძოლა სხვა არაერთი პრობლემის მოგვარებისთვისაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა: „ამ ქვეყანაში თვე არ გავა, რომ ქალი არ დაჭრან და გენდერულად მოტივირებული დანაშაული არ ჩაიდინონ. ეს დანაშაულიც ზუსტად ამ სტერეოტიპების გამო ხდება. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ქალი მათი საკუთრებაა. ეს მახინჯი სტერეოტიპი დღემდე ცოცხალია და ყველაზე რადიკალური გამოვლინება ამას ფემიციდისა და ქალზე ძალადობის სახით აქვს. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ შინ შრომის განაწილება უნდა იყოს თვითმიზანი. ეს უფრო დიდ შრეებზე გაგვიყვანს. გრძელ ვადაში გაგვიყვანს ფემიციდის რისკების აღმოფხვრაზე, სექსუალური შევიწროების რისკების დაზღვევაზე. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. თუ ქალს ერთ სივრცეს, მაგალითად, სახლს მიუჩენ და შემდეგ ის ამ სივრციდან გასვლას მოინდომებს, რა თქმა უნდა, მასზე ძალადობის რისკი გაიზრდება. ეს დადგენილი სტანდარტია. როგორ გადალახა ეს ევროპამ? ზუსტად ამ კულტურული სწავლებით, ბაღიდან იმის სწავლებით, რომ შრომა სქესზე მიბმული არ არის, რომ მხოლოდ ერთი სქესის ვალდებულება არ არის ოჯახური იდილიის შენარჩუნება და ამისთვის ორივემ თანასწორად უნდა იბრძოლოს.“
თუმცა სანამ სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ოჯახის წევრებზე ზრუნვა ისევ გენდერულ როლად ითვლება, „უხილავი ხელი“ ყველას ნაცვლად შრომობს. ზოგჯერ მხოლოდ შინ, თუმცა უფრო ხშირად შინ და გარეთ.