მთავარისაქართველო"ასოცირებული ტრიო" - პრობლემები და გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე

“ასოცირებული ტრიო” – პრობლემები და გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე

ქართველმა, მოლდოველმა და უკრაინელმა ექსპერტებმა 19 მარტს საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში ისაუბრეს იმაზე, თუ რა ეტაპზეა ევროინტეგრაციის პროცესი ,,ასოცირებული ტრიოს” ქვეყნებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც უწევთ უკვე სტატუსის მქონე ქვეყნებს ევრობლოკში გასაწევრიანებლად. ეს შეხვედრა გაიმართა „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრისა” და „გლობალური დემოკრატიის კოალიციის“ თანამშრომლობით.

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2021 წელს კიევში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს “ასოცირებული ტრიოს” შესახებ, ეს არის ფორმატი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამ სამი ქვეყნის ძალების გაერთიანებას გულისხმობს.

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თითოეული ქვეყნისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ეს ფორმატი გარკვეულწილად შეფერხებულია. გარდა ამისა, არის გარკვეული დაძაბულობა კიევსა და თბილისს შორის, რაც უკან სწევს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით:

  1. ევროპული პერსპექტივის მინიჭება
  2. კანდიდატის სტატუსი მინიჭება

ეს გადაწყვეტილებები ორი ძირითადი მიზეზიდან გამომდინარეობდა. გარკვეულწილად იმ მასობრივი პროტესტიდან, რაც ,,უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის წარდგენას მოჰყვა და ცხადყო, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს მოსახლეობა კონსტიტუციაში გაწერილი ევროპული პერსპექტივის მიმართ და მეორეს მხრივ, ეს იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ევროკავშირის გაფართოებას ახალი ბიძგი მიეცა.

რაც შეეხება უკრაინას, კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში ომამდე და ომის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ომამდეც იყო უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი, სრულმასშტაბიანმა აგრესიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. კერძოდ, შენელდა რეფორმების გატარების სისწრაფე. თუმცა ევროკავშირის ლიდერები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე თავდასხმებისა, უკრაინა მაინც ახერხებს რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროში.

უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი ბლოკის წევრობაზე. მას რამდენიმე დღეში მიბაძა მოლდოვამ და 4 თვის შემდეგ ორივე ქვეყანას უკვე ჰქონდა კანდიდატის სტატუსი. ეს უპრეცედენტოა ბლოკის ისტორიაში და ცხადყოფს, თუ რამდენად არის შეცვლილი ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია.

რაც შეეხება მოლდოვას, ის ამჟამად გარდამავალ პერიოდშია. უკრაინის მსგავსად რუსული აგრესია გავლენას ახდენს მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესზეც. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში არ არის შეიარაღებული კონფლიქტი, ქვეყანას მაინც უწევს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება და რუსეთის მცდელობების მოგერიება, ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში.

სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ წარადგინა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ჩარჩოხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები მოიცავს მოლაპარაკებების პროცესის მარეგულირებელ პრინციპებს, შინაარსსა და პროცედურას.

ეს მონახაზები საჭიროებს ერთსულოვან დამტკიცებას წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან. დამტკიცების შემთხვევაში კი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა წარადგინეს იმ პოზიციას, რაზეც ბლოკში ერთობლივად შეთანხმდებიან. ეს იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი უკრაინისა და მოლდოვისთვის.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია დიდწილად იქნება დამოკიდებული ორ ფაქტორზე. ეს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. ის თუ რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად და რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები, დიდ მნიშვნელობას იქონიებს იმაზე, თუ როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

გავლენა ექნება ევროპარლამენტის არჩევნებსაც, რომელიც 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება და შედეგად მივიღებთ ცვლილებებს ევროკომისიისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend